PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, ყოველთვიური ანაზღაურების მიმღებ პირთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. მონაცემები 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8%-ით, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 8.8%-ითაა გაზრდილი.
2024 წლის აპრილის თვისთვის, იმ პირთა წილი, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 600 ლარზე ნაკლებია, წლიურ ჭრილში, 3.9%-ით შემცირდა და 15.1% შეადგინა. 600 ლარამდე თვიური ხელფასის მქონე პირთა რაოდენობა 7.7%-ითაა შემცირებული 2022 წლის აპრილის თვესთან შედარებით.
საპირისპიროდ, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება იმ პირთა წილში, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 2,400 ლარი ან მეტია. მიმდინარე წლის აპრილის თვის მონაცემებით, 2,400 ლარი ან მეტი ხელფასის მიმღებთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 27%-ს შეადგენს. მონაცემები გასული წლის აპრილის თვესთან შედარებით 5.2%-ით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი – 9 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.
გარდა ამისა, გასული წლის აპრილის თვესთან შედარებით, 0.6%-ითაა გაზრდილი იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა თვიური ანაზღაურება 9,600 ლარს ან მეტს შეადგენს. მატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.8%-ია. 2024 წლის აპრილის მონაცემებით, ამ პირთა წილი, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის, 2.5%-ს უტოლდება.
PMCG-ის ანგარიშით, 2024 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია დასაქმების მაჩვენებელიც. 2023 წლის პირველ კვარტალთან მიმართებით, დასაქმებულთა წილი 42.6%-დან, 47.3%-მდეა გაზრდილი, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირებულია, 18%-დან 14%-მდე.