პოლონეთი მეორე მსოფლიო ომში ქვეყნისთვის გერმანიის მიერ მიყენებულ ზარალს $1.32 ტრილიონად აფასებს და რეპარაციას ოფიციალურად მოითხოვს. განცხადება პოლონეთის მმართველი ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გერმანია პოლონეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, ამასთან ერთად ქვეყნები ევროკავშირისა და ნატოს წევრებიც არიან. აღსანიშნავია, რომ თავად გერმანიამ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული ყველა ფინანსური პრეტენზია გადაწყვეტილი იყო. გერმანიის მთავრობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის მოთხოვნაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“, მეორე მსოფლიო ომის ზარალის კომპენსაცია, 2015 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ რამდენჯერმე მოითხოვა. თუმცა, რეპარაციების მოთხოვნას ოფიციალური სახე ამ დრომდე არ ჰქონია.
„მოთხოვნილი თანხა ყველაზე ლიმიტირებული და კონსერვატიული მეთოდითაა მიღებული. სხვა შემთხვევაში რეპარაციისთვის აუცილებელი ფინანსების მოცულობა გაცილებით მეტიც შეიძლება ყოფილიყო“, – განაცხადა „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ პრესკონფერენციაზე.
გერმანიის მიმართ ამგვარი პოზიცია, რომელსაც ამომრჩევლების მობილიზაციისთვის მმართველი პარტია საკმაოდ ხშირად იყენებს, ბერლინთან ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდა. მდგომარეობა განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გამძაფრდა. პოლონეთი ბერლინს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით უმოქმედობასა და კიევისთვის არამყისიერი დახმარების გამო აკრიტიკებს.