პოლონეთი NATO-ს პირველი სახელმწიფოა, რომელიც უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს. კიევის დაჟინებული მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთთან ომში მყოფი ქვეყანა პოლონეთისგან უახლოეს პერიოდში ათობით MiG-29-ს მიიღებს.
პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას განცხადებით, საწყის ეტაპზე უკრაინას საბჭოთა წარმოების ოთხი სამხედრო თვითმფრინავი გადაეცემა. MiG-29-ის პირველი პარტია ქვეყანას უახლოეს დღეებში, დარჩენილი ნაწილი კი შედარებით გვიან მიეწოდება. პრეზიდენტმა კიევისთვის გადასაცემი თვითმფრინავების რაოდენობის აღსაწერად პოლონური სიტყვა გამოიყენა, რაც საერთო ჯამში შესაძლოა 11-დან 19-მდე თვითმფრინავს გულისხმობდეს. „თვითმფრინავები მათი ფუნქციონირების ბოლო წელიწადშია, მაგრამ ამისდა მიუხედავად, კარგ სამუშაო მდგომარეობაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
პოლონეთის მთავრობის სპიკერ პიოტრ მიულერის განცხადებით, კიევს MiG-ების გადაცემას სხვა ქვეყნებიც დაჰპირდნენ. მათ შორისაა სლოვაკეთი, რომელიც ომში მყოფი ქვეყნისთვის გამოუყენებელი MiG-ების გაგზავნას გეგმავს. ცნობისთვის, სწორედ პოლონეთი იყო NATO-ს პირველი სახელმწიფო, რომელმაც უკრაინას გერმანული ტანკები, Leopard 2 მიაწოდა.
პოლონეთის გადაწყვეტილებით გაკვირვებული დარჩა გერმანია, რომლის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა თანხმდება, რომ საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის დრო არ არის. პოლონეთის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც. „ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის პოლონეთთან, რათა დავეხმაროთ უკრაინას“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.