ორმა სამხრეთკორეულმა კომპანიამ პოლონეთთან ტანკებისა და ჰაუბიცების ექსპორტთან დაკავშირებით $5.8-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა. ვარშავამ, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, იარაღის იმპორტის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
კონტრაქტს, რომელიც სამხრეთ კორეის იარაღის უმსხვილესი შეთანხმების ნაწილია, ხელი პარასკევს, პოლონეთში მოეწერა. სამხრეთ კორეისთვის უმსხვილესი შეთანხმება კი პოლონეთთან, რომელიც მის მეზობელ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ ჯარის გაძლიერებას ცდილობს, გასულ თვეში გაფორმდა. თავდაცვის შესყიდვების პროგრამის ადმინისტრაციის (DAPA) ინფორმაციით, Hyundai Rotem Co პოლონეთში K2 Black Panther-ის ტანკებს გააგზავნის, ხოლო Hanwha Defense-ი, Hanwha Corp-ის თავდაცვის განყოფილება, ქვეყანას K9 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს მიაწვდის.
კორეული მედიის შეფასებით, პოლონეთთან გაფორმებული ხელშეკრულების სრული ღირებულება $15 მილიარდს უტოლდება. თავად მხარეებს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. „აღნიშნული საექსპორტო ხელშეკრულება ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის გაძლიერებასა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია DAPA-ს განცხადებაში.
ხელშეკრულების ფარგლებში, პოლონეთი K2-ის ტიპის 180 ტანკს, დაუზუსტებელი რაოდენობის ჰაუბიცებსა და FA-50-ის ტიპის 48 ავიაგამანადგურებელს შეიძენს. ამ უკანასკნელთა შესყიდვაზე შეთანხმება, სავარაუდოდ, მომავალ თვეში გაფორმდება. შეგახსენებთ, რომ ნატოს წევრმა პოლონეთმა, ნებისმიერი სახის თავდასხმის შესაჩერებლად, სამხედრო ხარჯების მშპ-ის 3%-მდე ზრდისა და არმიის გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა ევროპის იმ ქვეყნებთან, რომლებიც დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ღირებულებებს იზიარებენ, უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების პირობა დადო. გარდა ამისა, სეული, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სამხედრო საფრთხეების ფონზე, თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებასაც გეგმავს.