პოლონეთის მმართველ პარტიას ქვეყანაში პრივატიზაციის შესახებ რეფერენდუმის გამართვა სურს. პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერ იაროსვალ კაჩინსკის განცხადებით, პოლონელი ამომრჩეველი თავადვე გადაწყვეტს მხარი დაუჭიროს თუ არა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გაყიდვას და „დარჩება თუ არა თაობათა სიმდიდრე კვლავ პოლონელთა ხელში“.
როგორც ჩანს, 15 ოქტომბერს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე, მმართველი კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (პოლონური ინიციალებით PiS), ოპოზიციის ლიდერ დონალდ ტუსკზე შეტევას აძლიერებს. ცნობისთვის, PiS-ი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არჩევნებთან ერთად, მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების სურვილსაც გამოთქვამდა.
კრიტიკოსები მსგავსი ტიპის ემოციურ საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარებას მმართველი პარტიის მცდელობად აღიქვამენ – გააძლიეროს კონსერვატიული საფუძველი არჩევნებამდე და ხელისუფლებაში უპრეცედენტო, მესამე ვადით დარჩეს. პარტია გამოკითხვების ლიდერია, თუმცა, დამაჯერებელი უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებს.
„კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც ამავდროულად ქვეყნის ვიცე-პრემიერიცაა, რეფერენდუმის შესახებ შეკითხვა თავისივე Twitter-ის (ამჟამად პლატფორმა X) საშუალებით გამოაქვეყნა. კაჩინსკის პოსტი ბიულეტენს წააგავდა, რეფერენდუმის კითხვით: „უჭერთ მხარს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გაყიდვას?“. მალევე, თავის ახალ ვიდეოში, PiS-ის ლიდერმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი პოლონელებს გადაწყვეტილების თავადვე მიღების საშუალებას მისცემს.
გარდა ამისა, კაჩინსკიმ პრივატიზაციის განხორციელების მცდელობა ყოფილ პრემიერსა და მთავარ კონკურენტ ტუსკს მიაწერა, რომელიც ბიზნესინტერესების დამცველი პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერია. მემარჯვენე ცენტრისტული „სამოქალაქო პლატფორმა“ ქვეყანას 2007-დან 2015 წლამდე მართავდა.
აღსანიშნავია, რომ კრიტიკოსები რეფერენდუმს ფარისევლობად აფასებენ და „კანონი და სამართლიანობას“ სახელმწიფოს აქტივების, მათ შორის სახელმწიფო ნავთობკომპანია Lotos-ის ნაწილის პოლონეთისთვის არახელსაყრელი პირობებით გაყიდვაშიც ადანაშაულებენ.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, პარლამენტის ქვედა პალატა რეფერენდუმის საკითხს უახლოეს დღეებში სხდომაზე განიხილავს.