Forbes-ის ასოცირებულმა რედაქტორმა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ტომას ბრიუსტერმა და რეპორტიორმა დევიდ დოკინსმა ჟურნალისტური გამოძიებით გამოიკვლიეს პოპულარული პორნოპლატფორმის, OnlyFans-ის მფლობელი მილიარდერის, ლეონიდ რადვინსკის წარსული საქმიანობა.
ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ბიზნესი პანდემიისას საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. მზარდი ინტერესის პარალელურად იზრდებოდა პლატფორმის შემოსავლებიც – შედეგად, კომპანიის 75%-იანი წილის მფლობელი ლეონიდ რადვინსკი მილიარდერი გახდა. აღნიშნულის პარალელურად უფრო მეტი კითხვა გაჩნდა მის ბუნდოვან წარსულთან დაკავშირებით.
Forbes-ის თანახმად, 2018 წელს ფლორიდელმა ინტერნეტპორნოინდუსტრიის ბარონმა ლეონიდ რადვინსკიმ ლონდონში დაფუძნებული პლატფორმის, OnlyFans-ის 75%-იანი წილი შეიძინა. პლატფორმაზე „კონტენტის ავტორები“ ანგარიშის შექმნის შემდეგ ათავსებენ მათ მიერ მომზადებულ პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერებმა კი კონტენტზე წვდომის მისაღებად ყოველთვიურად ასეთი „ავტორების“ არხები უნდა გამოიწერონ. გამოწერის ყოველთვიური ღირებულება $4.99-49.99 შორის მერყეობს. გამომწერებისგან მიღებული თანხის 80% კონტენტის ავტორს რჩება, 20% კი, საკომისიოს სახით, კომპანიას.
2020 წელს, იანვარ-ნოემბრის პერიოდში კომპანიის შემოსავალი $400 მილიონი იყო (540%-ით მეტი, ვიდრე წინა წლის იდენტურ პერიოდში). პანდემიისას რეკორდულად გაიზარდა რეგისტრირებული კონტენტის ავტორების რაოდენობაც – პლატფორმისთვის პორნოგრაფიული ხასიათის მასალას 1.6 მილიონი ადამიანი ქმნის, ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ სერვისში თანხას იხდის, 82 მილიონამდე გაიზარდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, Forbes-ი თვლის, რომ რადვინსკის წილი კომპანიაში დაახლოებით $1.8 მილიარდს უდრის.
მიმზიდველი ფინანსური შედეგების მიღმა კი ბევრი კითხვაა, რომლებზეც პასუხის გაცემა არც რადვინსკიმ ისურვა და არც OnlyFans-ის წარმომადგენლობამ.
20 წლის წინ, მაშინ როდესაც პორნოგრაფია ინტერნეტში უფასოდ არ იყო ხელმისაწვდომი, რადვინსკის ვებგვერდების მცირე იმპერია ჰქონდა, რომელთა საშუალებითაც არალეგალურად ავრცელებდა პორნოსაიტების „გატეხილ ანგარიშებს“, მათ შორის ისეთი ვებგვერდებისთვის, რომლებზეც არასრულწლოვანი პირების მონაწილეობით გადაღებული მასალები იყო ხელმისაწვდომი. Forbes-მა რადვინსკისთან ასოცირებული 11 ვებგვერდის მოძიება შეძლო, რომელთა საშუალებითაც მსგავსი რეფერალები იყო ხელმისაწვდომი – „10,000 არალეგალური ტინეიჯერული პორნოს პაროლი“, „საუკეთესო არალეგალური ტინეიჯერული პორნოს პაროლი“, „საუკეთესო საიტები ზოოფილიური კონტენტისთვის“ და ა.შ. ამერიკის შეერთებულ შტატებში პორნოგრაფიულ საქმიანობაში ჩართული ყველა პირი სრულწლოვანი უნდა იყოს, ხოლო ზოოფილია შტატების უმეტეს ნაწილში უკანონოა.
მიუხედავად ამ ვებგვერდების არსებობისა, ჯერ კიდევ რთულია იმის მტკიცება, ნამდვილად იყო თუ არა საიტზე განთავსებული ბმულები ბავშვთა პორნოგრაფიის რეფერალი. თუმცა, ერთი რამ ცხადია, რადვინსკის საიტები ამ საქმიანობით მილიონებს შოულობდა – მისი ერთ-ერთი ვებგვერდი წელიწადში ამ გზით დაახლოებით $1.8 მილიონს გამოიმუშავებდა.
ლეონიდ რადვინსკის უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სექსბმულების პორტალების მართვასა და OnlyFans-ის 75%-იანი წილის შეძენას შორის, ბევრი სასამართლო დავა ჰქონდა. 2003 წელს მას Amazon-ი და Microsoft-ი უჩიოდნენ, სპამკამპანიებში მათი სახელის ანდა სერვისების არამართლზომიერი მიზნებით გამოყენებისთვის. 2005 წელს მის კომპანიას მოდელი შეილა ლასიერი უჩიოდა, პორნოსაიტზე მისი ჩვეულებრივი ფოტოს რეკლამისთვის გამოყენების გამო.
გარდა წარსული სასამართლო საქმეებისა და ბუნდოვანებისა, კითხვები არსებობს მის ამჟამინდელ საქმიანობასთან დაკავშირებითაც. მიმდინარე წლის მაისში BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ OnlyFans-ზე კონტენტის ავტორად 14 წლის გოგონა იყო დარეგისტრირებული. გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოები მიუთითებენ, რომ პლატფორმის შემუშავებული წესები და რესურსები არ არის საკმარისი არასრუწლოვნების დასაცავად. ბავშვთა დაცვის კანადური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, სინი არნასონის თქმით, ხშირად იღებენ შეტყობინებებს OnlyFans-ზე პორნოგრაფიული ხასიათის მასალებში არასრულწლოვნების შესაძლო მონაწილეობაზე. მისი შეფასებით, კომპანიას მორალური და ეთიკური ვალდებულება აქვს, უფრო მეტს და უკეთ აკეთებდეს ამ მიმართულებით.
Forbes-ის სტატია შეგიძლიათ სრულად იხილოთ ბმულზე:The Shady, Secret History Of OnlyFans’ Billionaire Owner