პრინცესა დაიანას კაბა აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

პრინცესა დაიანას კაბა აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

პრინცესა დაიანას მეწამული ხავერდის კაბა Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ $600,000-ად გაიყიდა. ნივთის შესაძენად პაექრობა ოთხ დაინტერესებულ პირს შორის, ხუთი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, კაბის $604,800-ად გაყიდვით დასრულდა, რომელიც გადასახადებსაც მოიცავს.

Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის განცხადებით, ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული კაბა, რომელიც ოდესმე დაიანას კოლექციიდან აუქციონზე გაყიდულა. მეწამული ხავერდის კაბის ფასმა საგრძნობლად გადააჭარბა უელსის პრინცესას შავ, მხრებზე გადმოშვებული კაბის ღირებულებას, რომელიც დაიანას 1985 წელს, თეთრ სახლში ჯონ ტრავოლტასთან ცეკვის დროს ეცვა. აღნიშნული კაბა 2019 წელს $347,000-ად გაიყიდა.

მეწამული ხავერდის კაბა ბრიტანელი მკერავის, ვიქტორ ედელშტეინის 1989 წლის შემოდგომის კოლექციიდანაა. თუმცა, როგორც Sotheby’s-ი იტყობინება, კაბის ორიგინალ ესკიზზე დიადემაა გამოსახული, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ სამოსის შთაგონების წყარო სწორედ უელსის პრინცესა იყო. თავად ედელშტეინს დაიანასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა.

ხავერდის კაბა თავდაპირველად 1997 წელს, საქველმოქმედო აუქციონის ფარგლებში, $24,150-ად გაიყიდა. 1997 წელს გამართული აუქციონისას დაიანას დამატებით 79 კაბაც გაიყიდა და კიბოსა და შედეგად, შიდსის წინააღმდეგ მებრძოლი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის $3 მილიონზე მეტი შეგროვდა.

ცნობისთვის, აღნიშნული მეწამული კაბა პრინცესა დაიანას, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, მოდის ფოტოგრაფ მარიო ტესტინოს 1997 წლის Vanity Fair-ის საკულტო ფოტოსესიაზე ეცვა. ამავე კაბითაა წარმოდგენილი დაიანა პრინცესა მარგარეტის მაშინდელი მეუღლის, ლორდ სნოუდონის მიერ გადაღებულ 1991 წლის სამეფო პორტრეტზე.

ფოტო: SOTHEBY’S