ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების შესახებ ომის დაწყების შემდეგ ინიციატივა პირველად წამოაყენა. სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზადაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე პირდაპირი მინიშნება არ გაუკეთებია, გვიან ღამით გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „ნებისმიერი მოლაპარაკებებისთვის მზადაა“, რომელიც სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას შეაჩერებს.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს სამშვიდობო შეთანხმებისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ აშშ-ის მხარე დაჟინებით მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამშვიდობო ძალისხმევისაგან საერთოდ ჩამოშორებით იმუქრება, რაც არსებულ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.
საინტერესოა, რომ ორივე მხარემ მზადყოფნა გამოთქვა სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებული 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის სიტყვიერი შეთანხმება დამატებით გახანგრძლივდეს. თუმცა, როგორც უკრაინა, ისე რუსეთი მეორე მხარეს აღნიშნული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია მიმდინარე კვირაში ლონდონში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ისა და ევროპის დელეგაციებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ვლადიმირ პუტინის განცხადებით კი, მოსკოვი სამშვიდობო ინიციატივისთვის მზადაა და კიევისგანაც იმავეს მოლოდინი აქვს.
შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებები 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამის შემდეგ კი აღარ განახლებულა. სამი წლის განმავლობაში გაჟღერებული ყველა სამშვიდობო ინიციატივა მხარეებს შუამავლებისა და ფასილიტატორების გავლით მიეწოდებოდათ.