რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის საკითხს უახლოეს მომავალში პირისპირ განიხილავენ, პუტინმა კი ამისათვის ტრამპი მოსკოვში მიიპატიჟა.
ბოლოს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო ზარი 2022 წლის თებერვალში განხორციელდა, როდესაც ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დაწყებამდე ჯო ბაიდენს ესაუბრა. ზარიდან რამდენიმე დღეში რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო.
რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის თანახმად, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ტელეფონით ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის, ორმხრივი ურთიერთობებისა და ტყვეთა გაცვლის საკითხებზე ისაუბრეს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის სურვილი როგორც პუტინმა, ისე ზელენსკიმ გამოთქვა. აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამის პირებს უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყებისთვის მომზადება დაავალა.
ცნობისთვის, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის ახალმა თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრებისა და რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების უკან სრულად დაბრუნების მიზანი უნდა შეცვალოს.
პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა არც ისე შორეული პერსპექტივაა. „ვფიქრობ, მშვიდობის დამყარების გზას ვადგავართ. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს უნდა მშვიდობა, პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მშვიდობა და მეც მინდა მშვიდობა,“ – განაცხადა მან. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, პუტინთან პირისპირ შეხვედრა დიდი ალბათობით საუდის არაბეთში შედგება.
მოგვიანებით, ტრამპის მიერ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უხელმძღვანელებენ.