ქართველები პანამის შავ ყუთში

ქართველები პანამის შავ ყუთში

სკანდალი აქტუალობას არ კარგავს, 3 აპრილიდან მსოფლიოს წამყვანი გამოცემების მოწინავე გვერდები “პანამის დოკუმენტებს” ეთმობა – ოფშორული კომპანიები, სახელები, გვარები – საიდუმლო მასალები მსოფლიო მედიას იპყრობს.

გადასახადებისგან თავის არიდება ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა დაიწყეს: ბერძენი მეწარმეები ეძებდნენ ადგილებს, სადაც ნაკლები გადასახადი არსებობდა, სწორედ ამ ძიებაში, საქონლის შესატანად, ათენის გვერდის ავლით ისინი ბერძნულ კუნძულებს ირჩევდნენ. 21-ე საუკუნეში ასეთი ასეულობით ე.წ. ფინანსური სამოთხეა. დომინიკი, კვიპროსი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ბელიზი, სეიშელი, სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაცია, ჰონკონგი, შოტლანდია, პანამა – მათი საერთო სახელი ოფშორული ზონაა, ეს იმიტომ, რომ ასეთი ფინანსური ცენტრები “ღია ზღვაშია”.

ოფშორული ცენტრების მიმზიდველობას ხელი განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესისთვის დაწესებულმა მაღალმა გადასახადებმა შეუწყო, ეს მეოცე საუკუნის 50-იანი წლებში იყო. გადასახადის გადამხდელები მაშინ ფიქრობდნენ, როგორ შეემცირებინათ ხარჯები, ბიზნესმა ლიბერალური საგადასახადო გარემოს ძიება დაიწყო.

მდიდარ და გავლენიან ადამიანებს ასეთი ზონები სწორედ სპეციალური ადმინისტრაციული და საგადასახადო შეღავათების გამო იზიდავს. შედეგად, პლანეტის მთელი ფინანსური რესურსის დაახლოებით 10% ოფშორულ ზონებშია თავმოყრილი. სხვადასხვა მონაცემით, “საგადასახადო სამოთხეებში” 32 ტრილიონი დოლარია დაგროვილი.

ყველასათვის მიმზიდველ ოფშორულ ზონებში არ არსებობს სავალუტო შეზღუდვა, ზონიდან მოგების გატანა თავისუფალია, აქ კომპანიის რეგისტრაციისა და მართვისას მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურები მოქმედებს – ანუ ოფშორში ბიზნესის კეთება მარტივი და ლეგალურია, თუმცა ირკვევა, რომ არცთუ იშვიათად ამ “საზღვრებს გარეთ” თავისუფლებას ბიზნესმენები ფულის გათეთრების, ნარკობიზნესის, ტრეფიკინგისა და ზოგჯერ ტერორიზმის დაფინანსებისთვისაც კი იყენებენ, თანაც მაშინ, როცა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელთა ანონიმურობა და კონფიდენციალობა დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო, ვიდრე პანამის იურიდიული ბიურო Mossack Fonseca-ს უმდიდრესი არქივი მედიის ხელში აღმოჩნდებოდა. Mossack Fonseca-ს იურისტები ოფშორული კომპანიების რეგისტრაციას 1977 წლიდან უზრუნველყოფდნენ. ბიუროს არქივი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების, ბიზნესმენების, ცნობილი და გავლენიანი ადამიანების აღურიცხავი ქონების შესახებ ყველაზე ზუსტ ინფორმაციას ინახავდა, თუმცა Mossack Fonseca-ს საარქივო მასალა, 11,5 მლნ ოფიციალური დოკუმენტი, მედიის ხელში აღმოჩნდა და ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო… ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი დოკუმენტებს აქვეყნებს პანამის ე.წ საგადასახადო სამოთხიდან.

როგორც ჩანს, ეს ჯერ მხოლოდ ჟურნალია, რამდენიმე დღის წინ “პანამის დოკუმენტები” 200 000-ზე მეტი ახალი ოფშორული ანგარიშით გამდიდრდა. ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთში ქართველებიც “ჩავიდნენ”. 85 მათგანის ვინაობა საჯარო პროექტის, “ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა”, წარმომადგენლებმა გახადეს.

ქართველები ოფშორული ზონიდან

“პანამის დოკუმენტების” სიაში 21-ე, ყველაზე ცნობილი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Lynden Management Ltd-ის მფლობელია, რომელიც თავის დროზე აქ Mossack Fonseca-მ დაარეგისტრირა. ასე საქართველოს ყოფილი პრემიერი აღურიცხავი ფულის სკანდალურ მასალებში ხვდება. ოფშორი არა, თუმცა ივანიშვილს ქონების დეკლარირებას ქართული კანონმდებლობა ავალდებულებდა, მაშინ როცა ის მთავრობას მეთაურობდა. ექსპრემიერმა დეკლარაცია ორჯერ შეავსო, თუმცა არც ერთხელ არ უთქვამს, რომ Lynden Management Ltd-საც ფლობდა. კომპანია, რომელიც პოლიტიკაში მოსულმა მილიარდერმა დეკლარაციაში არ მიუთითა, ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა არქივის წყალობით გაასაჯაროვა, ოღონდ თავად ამ მასალებში ივანიშვილის მოხვედრა მარტივი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ, მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, 2011 წელს ვირჯინიის კუნძულებზე მიიღეს ცვლილება, რომელიც ყველა კომპანიას ავალდებულებდა, მისი საბოლოო ბენეფიციარის შესახებ ქვეყნისთვის ოფიციალური ინფორმაცია მიწოდებინა, Lynden Management Ltd-ის ფაქტობრივი მფლობელის, ბიძინა ივანიშვილის პასპორტის წარდგენა იურიდიულმა ბიურო Mossack Fonseca-მ მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, 2015 წელს შეძლო. მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდა Lynden Management Ltd-ისა და საქართველოს ექსპრემიერს შორის კავშირი, რომელსაც ივანიშვილი 2012 წლიდან საიდუმლოდ ინახავდა.

“2012 წელს მოქმედი, “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარირებას ექვემდებარება: საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა. მათ შორის იგულისხმება საზღვარგარეთ და ოფშორულ კომპანიებში მონაწილეობა. კანონი არ გულისხმობს ბენეფიციარულ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არა ტერმინი “მონაწილეობა”, არამედ ტერმინი “ბენეფიციარული მფლობელობა” იქნებოდა გამოყენებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონი არ გულისხმობს ბენეფიციარულ მფლობელობაში მყოფ ისეთ კომპანიებს, რომლებშიც სუბიექტს არა აქვს არც პირდაპირი და არც ნომინალური მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, კანონი არ ითვალისწინებს დასადეკლარირებელი კომპანიების შვილობილი კომპანიების დეკლარირებას. შესაბამისად, დეკლარაციაში ასახულია მხოლოდ ის საწარმოები, რომლებშიც ბიძინა ივანიშვილი ან მისი ოჯახის წევრები პირდაპირ მონაწილეობენ. არც ერთ სხვა კომპანიაში, მათ შორის არც Lynden Management-ში ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები არ მონაწილეობენ. ბიძინა ივანიშვილის 2012 და 2013 წლის დეკლარაციები სრულყოფილად იყო შევსებული, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და დროულად მიწოდებული შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის” – ნათქვამია “ქართუ ჯგუფის” Forbes Georgia-სთვის მიწოდებულ ოფიციალურ განმარტებაში.

სამაგიეროდ, ამავე პოლიტიკური ძალის საგამოძიებო უწყებამ საზოგადოებას არ დაუმალა, რომ “საგადასახადო სამოთხე” თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც იტევდა. ე.წ. “პანამის დოკუმენტებში” დავით კეზერაშვილის სახელი Arkenstone Management Limited-ს, SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ს, Future Products Company-ის (ყოფილი მფლობელი) უკავშირდება.

როგორ დააგროვა კეზერაშვილმა სიმდიდრე? “პანამის დოკუმენტებში” თავდაცვის ექსმინისტრის გვარის გაჟღერების შემდეგ შვეიცარიული მედია წერდა, რომ 2006 წელს, როცა კეზერაშვილს საქართველოს თავდაცვა ჩაბარდა, ის მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა. 2008 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა, მისმა რწმუნებულმა სამი ოფშორული კომპანია დააარსა და ნავთობის გაყიდვის შედეგად მოპოვებული მილიონები ამ კომპანიების საბანკო ანაგარიშებზე გადაირიცხა. “პანამის დოკუმენტების” მიხედვით, ერთ-ერთი ანგარიში შვეიცარიულ ბანკ BCGE-ში გაიხსნა, სადაც 2012 წელს 20 მლნ შვეიცარიული ფრანკი ჩაირიცხა, ანალოგიური გზით კი ბანკებში – ABN AMRO-სა და BNP Paribas-ში – 25 მლნ ფრანკი.

“ქართული მედიით ეს ინფორმაცია არასწორად გავრცელდა. 2012 წელს დავით კეზერაშვილი ამ კონკრეტული კომპანიიდან, რომლის ანგარიშზე 20 მლნ ფრანკის ჩარიცხვაზეა საუბარი, როგორც ბენეფიციარი გამოდის და მის ნაცვლად შედის ინვესტორი, ანუ ამ დროს კეზერაშვილი უკვე მინორიტარულ მფლობელობაშია. შესაბამისად, ეს თანხები და ტრანზაქცია ინვესტორთან არის დაკავშირებული”, – განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი შოთა მინდელი.

SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ს ფლობს მილიარდერი დავით იაკობაშვილი. ამ კომპანიაში წილი აქვს დავით კეზერაშვილსა და ბიზნესმენ ივანე ნაკაიძეს, დირექტორად კი იოსებ მგელაძეა მოხსენიებული. ნაკაიძე დავით იაკობაშვილის AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD-ს ნდობით აღჭურვილი პირიცაა.

 “თავისთავად არც პრობლემაა და არც დანაშაული, რომ ვიღაც ოფშორულ ზონაში კომპანიას ფლობს, თუმცა, როგორც წესი, ამ ზონაში კომპანიას იმიტომ ფლობენ, რომ გადასახადები დამალონ ან სხვადასხვა ფინანსური აქტივობა განახორციელონ ისე, რომ ეს ვერ აკონტროლოს ამა თუ იმ ხელისუფლებამ”, – ამბობს ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე. ის პროექტის “ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა” წარმომადგენელია, რომელმაც უცხოელ კოლეგასთან, დეივ ბლოსთან ერთად საზოგადოებას ე.წ პანამის დოკუმენტების ახალი მონაცემები გააცნო (დეივ ბლოსის საავტორო სვეტი შეგიძლიათ იხილოთ ამავე ნომერში).

წლების განმავლობაში საქართველოში ნავთობის ბიზნესის ნაწილი დავით კეზერაშვილთან ერთად შვედეთის ქართველ მოქალაქეს დავით იაკობაშვილსაც უკავშირდებოდა, რომელსაც ოფშორულ ზონაში ორი კომპანია – SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ი და AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD – აქვს რეგისტრირებული. აქედან პირველი “პანამის დოკუმენტებში” თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელსაც უკავშირდება.

თავად იაკობაშვილი ოფშორში მხოლოდ ერთი აქტივის ფლობას აღიარებს და მისი მეშვეობით კანონიერი ბიზნესის კეთებაზე საუბრობს.

ამავე მასალებიდან ირკვევა, რომ იაკობაშვილის კომპანიის ინტერესებს სასამართლოში გიორგი სარაჯიშვილი იცავდა, რომელიც ასევე Davor Holding Limited-ის წარმომადგენელია. Mossack Fonseca-ის საარქივო მასალების მიხედვით კი Davor Holding Limited-ის მფლობელი 1974 წელს დაბადებული ბექა პაატაშვილია, მის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეწარმეთა რეესტრში ჩანაწერები არ იძებნება.

“იარაღსა და ნარკოტიკს ხომ არ ვყიდულობ? დანარჩენი ყველაფერი ლეგალურია. მე ვიშოვე ფული, იმან უნდა იდარდოს, ვინც ფულს მთავრობაში აკეთებს და კორუფციაშია ჩაფლული”, – უთხრა ქართველ ჟურნალისტებს დავით იაკობაშვილმა.

იაკობაშვილმა ფული მართლაც ბევრი იშოვა, 59 წლის ბიზნესმენი ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია “გალფის” მსხვილი აქციონერია, კომპანიის წილი მან დავით კეზერაშვილისგან შეიძინა – ასე ამბობდა იაკობაშვილის მაშინდელი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, რომელიც იქვე ხაზს უსვამდა, რომ ბიზნესმენი თავდაცვის მინისტრის პარტნიორი არასოდეს ყოფილა.

ქართული გვარით შვედეთის მოქალაქე რუსული რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიის სს “ვიმ-ბილ-დან”- ის ერთ-ერთი დამაარსებელია, არის შპს “ორიონსერვისის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, შპს “პეტროკას ენერჯი ჰოლდინგის” – თანამფლობელი, სააქციო-საფინანსო კოორპორაცია “სისტემას” – დირექტორთა საბჭოს წევრი.

სანამ ოფშორული კომპანიების უკან მდგომი ქართველების მიმოხილვას განვაგრძობთ, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა გამოცემას და ყველა ანალიტიკურ ცენტრს ერთნაირად ნდობით არ მიუღია ის აურაცხელი ინფორმაცია, რამაც “პანამის დოკუმენტების” სახით გამოჟონა. გლობალურად აღიარებული ბრუკინგსის ინსტიტუტი, მაგალითად, თავის ერთ-ერთ ნაშრომში სვამს მარტივ კითხვას – ვინ არის ჯონ დო, რომელმაც Süddeutsche Zeitung (SZ)-ს ინფორმაცია მიაწოდა? რა გაარკვია ჯონ დოს შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტთა ჯგუფმა – ICIJ-მ? ვერაფერი. ჯონ დოს შესახებ ერთადერთი ინფორმაცია არსებობს, ძალიან ბუნდოვანი და ისიც Süddeutsche Zeitung (SZ)-სგან: “ერთი წლის წინ ანონიმურმა წყარომ გამოცემას მიაწოდა იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ს დაშიფრული დოკუმენტები. როდესაც რედაქციამ ჯონ დოს ამ დოკუმენტების გავრცელების მოტივაციის შესახებ დაუსვა კითხვა, მან პასუხი email-ის მეშვეობით დააბრუნა. მე მსურს ფართო საზოგადოებისთვის გავასაჯაროო ეს დანაშაულებები – ეწერა წერილში”. ამდენად, ბრუკინგსის ინსტიტუტი სვამს არცთუ უმნიშვნელო კითხვას: რა ვიცით, რომ ინფორმაცია, რომელმაც გამოჟონა, სრულია, არ არის დამახინჯებული ან სახეცვლილი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯონ დოს აღმოჩენის გარეშე ძალიან რთულია.

 “პანამის დოკუმენტებში” ცნობილი ქართველების სიას ვანო ჩხარტიშვილი აგრძელებს. ლიხაურის ჩაის ფაბრიკის ყოფილმა მუშამ ე.წ. ფინანსურ სამოთხეს სამი კომპანიით – GROBER COMMERCIAL CORP; CLEREN VENTURES LRD (წილის მფლობელი) SILVERADO PROPERTIES INC (მფლობელი) – მიაკითხა. ჩხარტიშვილი ჯერ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო (1999-2000 წწ), შემდეგ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი (2000-2001 წწ). ბიზნესმენის ბიოგრაფია მეექვსე მოწვევის დეპუტატისა და ტელეკომპანია “მზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის როლსაც იტევს. ოფიციალური ცნობებით, 2005 წელს ვანო ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია მიხეილ სააკაშვილის უახლოეს პარტნიორსა და მეგობარს, დავით ბეჟუაშვილს მიჰყიდა.

წლების განმავლობაში ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესაქტივობა შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯიასაც” უკავშირდებოდა. 2008 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ამ კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი იყო. არსებული ინფორმაციით, “სოკარ ენერჯი ჯორჯიაში” 24,5%-იანი წილი 2011 წელს ჩხარტიშვილმა ოფშორში რეგისტრირებულ “პეტრო-ტრანსს” მიჰყიდა. ქართული ოფიციალური დოკუმენტებით, ბიზნესმენი სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” და “გაერთიანებული ქართული ბანკის” აქციონერი გახლდათ. ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში არაფერი წერია ოფშორული კომპანიების შესახებ.

ოფშორული კომპანიებით სარგებლობენ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის წევრებიც, მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები. ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ინფორმაციით, მიხეილ ჩხარტიშვილი ოფშორში რეგისტრირებული TECHNOS DEVELOPMENT INC-სა და GROBER COMMERCIAL CORP-ის დირექტორია, ხოლო ნათია ჩხარტიშვილი – GROBER COMMERCIAL CORP -ის მფლობელი. TECHNOS DEVELOPMENT INC-ი კი ის კომპანიაა, რომელშიც წილს მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი რევაზ შარანგია ფლობს. ამავე კომპანიის დირექტორებად დასახელებულები არიან კახა შარაბიძე და რატი ღვამბერია.

რატი ღვამბერია – საჯარო რეესტრის 2014 წლის მონაცემებით, ის შპს “ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგის” გენერალური დირექტორია, რომელიც თავის მხრივ “კრწანისის ტყე-პარკის” 75%-იანი წილის ფლობელი იყო. 2015 წელს, როცა საქართველოს საპატრიარქოსა და “ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგს” შორის გარიგება შედგა, რატი ღვამბერია “კრწანისის ტყე-პარკის” დირექტორად დაინიშნა. ახლა უკვე საპატრიარქომ რუსთავის გზატკეცილზე მდებარე 7 270 657 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ბობოყვათის საზღვაო რეზიდენციაში გაუცვალა. ღვამბერიას სახელი “პანამის დოკუმენტებში” ასევე TERRAMAR ENERGY-სა და TECHOS DEVELOPMENT INC-ს უკავშირდება.

მოქმედი პოლიტიკოსებიდან ოფშორული ზონის სიკეთეებით სარგებლობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია. ბიზნესმენი “ფინანსურ სამოთხეში” რეგისტრირებულია როგორც Cuento portfolio Corp-ის წარმომადგენელი, ანუ პირი, რომელიც კომპანიას სხვადასხვა იურიდიული საკითხის მოგვარებისას წარმოადგენს. მერვე მოწვევის დეპუტატს ქონებრივი დეკლარაცია შვიდჯერ აქვს შევსებული, მათ შორის ბოლო 2015 წლის 16 ივლისით თარიღდება. ნაყოფიას ოჯახის ბიზნესებიდან საჯარო და დეკლარირებული ხუთი მათგანია, ხუთივე შვილის – ნიკოლოზ ნაყოფიას სახელს უკავშირდება, აქედან ორი Bioneli limited LTD-ი და DREAM VISION CAPITAL INC-ი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, Georgian international Films LLC-ი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში, ხოლო შპს “მუვინგ პიქჩერსისა” და “გოლდინვესტის” იურიდიული მისამართი თბილისია. ეს ბოლო 2006 წლის მაისიდან “ზარაფხანის” მფლობელია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე კობა ნაყოფიას “გოლდინვესტმა” 2 მლნ 40 ათას დოლარად შეიძინა. მანამდე იყო აუქციონის წესით ნაყიდი სს “მადნეული”, კომპანიის აქციათა 97%-ში ნაყოფიას “პრომინვესტმა” 40 მლნ დოლარი გადაიხადა, ამ თანხაში ბიზნესმენს “კვარციტის” აქციათა 50%-იც გადაეცა. სს “მადნეულის” შეძენით დაინტერესებული მაშინ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილიც იყო, რომლის კომპანიაც აუქციონში 36 მლნ დოლარით მონაწილეობდა, საბოლოოდ ოქრო ნაყოფიას ერგო. მაშინ ის ჯერ დეპუტატი არ იყო, ბიზნესმენი საქართველოში 2005 წლიდან ჩნდება. წლების განმავლობაში ოქროს ბიზნესის მფლობელი აქტიურად აფინანსებს “ნაციონალურ მოძრაობას”, შემდეგ კანონმდებელი ხდება – კობა ნაყოფია ბოლნისის მაჟორიტარულ არჩევნებს იგებს.

მიხეილ სააკაშვილის მეგობრებიდან ოფშორული ზონით კიდევ ერთი – რევაზ შარანგია სარგებლობს. “პანამის დოკუმენტებში” ბიზნესმენი SILVERADO PROPERTIES INS-ის მფლობელად, STAMAR GLOBAL LTD-სა და TECHNOS DEVELOPMENT INC-ის წილის მფლობელადაა რეგისტრირებული. ბიზნესმენი საქართველოში სკანდალებით ცნობილი ძმებიდან ერთ-ერთია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რევაზ შარანგია 2003 წელს რეგისტრირებული რესტორნების ქსელის ჯი-ემ-სი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს ვიცე-პრემიერ კახა კალაძის “საქჰიდრომშენი” იყიდა.

ალექსანდრე გოგოხია – “საქართველოს ლატარიის კომპანიის” ყოფილი ხელმძღვანელი “პანამის დოკუმენტებში” სხვა 84 ქართველის გვერდითაა. Mossack Fonseca-ს საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ გოგოხია ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების – HOZDEL MANAGEMENT LTD-ისა და Grassdale Real Estates Corp-ის წილებს ფლობს, Mission investments Limited-ის დირექტორია და AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD-ს წარმოადგენს. გოგოხია საქართველოში ბრალდებულია, ოცი გამოძიება მას “ნაციონალური მოძრაობის” უკანონო დაფინანსებას ედავება. ბრალი ბიზნესმენს 2014 წელს წაუყენეს.

ოფშორული დოკუმენტების მედიის მიერ ძიება არ მოსწონს პოლიტიკიდან ბიზნესში წასულ ირაკლი იაშვილს. მის სახელზე “პანამის მასალებში” ერთი ჩანაწერია. იურიდიული ბიუროს არქივში ირაკლი იაშვილი ძმასთან, მიხეილ იაშვილთან ერთად International Fuel Service Corp-ის მეწილედ ფიქსირდება. დღეს ამბობს, რომ კომპანიასთან 2011 წლის შემდეგ კავშირი აღარა აქვს და ის ვარდების რევოლუციის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაიფორმეს.

“მე პირადად როცა მივიღებდი შემოსავალს, ჩემი გადასახადი აისახებოდა პირად ანგარიშზე და, შესაბამისად, ვიბეგრებოდი. კომპანია საქართველოში გადასახადს ვერანაირად ვერ გადაიხდიდა, იმიტომ რომ საქართველოს რეზიდენტი არ იყო”, – ამბობს იაშვილი და განმარტავს, რომ International Fuel Service Corp-ი ავიასაწვავის სფეროში საქმიანობდა.

2011 წლამდე ირაკლი იაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2008 წელს შეავსო. სამი მოწვევის პარლამენტის წევრი ოფიციალურ დოკუმენტში წერდა, რომ შპს “ჯორჯიან ტრანს ექსპედიციისა” და შპს “ისთ გეით გრუპის” პარტნიორი იყო. როგორც სხვა ყველას შემთხვევაში, არც იაშვილის დეკლარაციაში იძებნება International Fuel Service Corp-ი. დღეს ბიზნესმენის ძირითადი საქმიანობა სატერმინალო ბიზნესია.

“იმ პირობებში, როცა საქართველოში საკუთრების უფლების პრობლემა არსებობდა, ადგილი ჰქონდა საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევას და ასე შემდეგ, ოფშორული კომპანიები გარკვეულწილად საკუთრების დაცვის მექანიზმი იყო”, – ამბობს ადვოკატი დავით ასათიანი. “პანამის დოკუმენტებში” მდიდარი და გავლენიანი ადამიანების გვერდით მისი გვარი Harrington Development Inc-ის გასწვრივ ჩნდება, ეს იმიტომ, რომ, როგორც თავად გვიხსნის, ამ ოფშორულ კომპანიას საქართველოში ერთ-ერთ სასამართლო დავაში წარმოადგენდა. ადვოკატი Harrington Development Inc-ის ბენეფიციარი მესაკუთრის სახელს არ გვიმხელს, თუმცა ამბობს, რომ კომპანია საქართველოში დღესაც მოქმედებს. კომპანიას საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები, სასაქონლო ნიშნები და პატენტები აქვს.

“არაეთიკურად მიმაჩნია ოფშორული კომპანიების ფლობა და მათი გამოყენება მოქმედი პოლიტიკოსების მიერ”, – Harrington Development Inc-ის წარმომადგენლის სტატუსით Mossack Fonseca-ს არქივში დავით ასათიანთან ერთად გივი აკოპაშვილი, ირაკლი კანდაშვილი და საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილიც გვხვდება, რომელიც პირად არქივში ასეთ კომპანიას ვერ პოულობს.

“ჩემს ელექტრონულ საძიებო ქსელში რა დოკუმენტებიც გამიკეთებია, იქ ამ კომპანიის სახელი ვერ მოიძებნა, ამიტომ შეიძლება შეცდომაც იყოს”, – ამბობს ყოფილი მთავარი ბრალმდებელი.

ზუსტად ახსოვს, როდის და რა სამართლებრივ საქმეზე დაუკავშირდა იურისტ ირაკლი კორძახიას AGROTRANS LIMITED-ი, სწორედ ამ კომპანიის წყალობით დღეს ის უკვე პანამის სკანდალში ფიგურირებს. თავად სკანდალს ვერ ხედავს: “თუ კანონი არ კრძალავს ოფშორში რეგისტრაციას, განსაზღვრავს გარკვეულ საგადასახადო რეჟიმს, რომელიც დაცული იქნება კონკრეტული ბიზნესმენის მიერ, არანაირი პრობლემა არ არის”. იურისტი AGROTRANS LIMITED-ის ბენეფიციარი მესაკუთრის სახელს არ ასაჯაროებს, მედიისთვის კი ცნობილია, რომ ეს კომპანია წლების განმავლობაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა და გადაზიდვების სფეროში მონოპოლიური უპირატესობითაც სარგებლობდა. ამავე კომპანიის წყალობით “პანამის დოკუმენტებში” ადვოკატი სოფიო როინიშვილიც მოხვდა. როინიშვილი, ირაკლი კორძახიას მსგავსად, ერთ-ერთ სასამართლო დავაში კეზერაშვილის კომპანიის ინტერესებს იცავდა.

ადვოკატებს შორის “პანამის დოკუმენტებში” კიდევ ერთი პირი – ზაზა ბიბილაშვილია, დღეს ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინტერესებს იცავს, მანამდე ქართულ სასამართლოში ძმასთან, ვასილ ბიბილაშვილთან, ერთად Axton Oversead Development Ldt-ისა და Davor Holding Limited-ის ინტერესებს იცავდა. “ძალიან მარტივი და ბანალური საკითხია – საუბარია ჩემს საადვოკატო საქმიანობაზე. ჩემს რამდენიმე კოლეგასთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი ვარ. ამ კომპანიასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ეს ჩემი პროფესიული საიდუმლოა”. იმას, რასაც ადვოკატი ბიბილაშვილი არ ამბობს, არ მალავს ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი. “პანამის მასალებით” ირკვევა, რომ კომპანია, რომლის ინტერესებსაც ბიბილაშვილი იცავდა, ოფშორში დავით იაკობაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. Axton Oversead Development Ldt-ის ნდობით აღჭურვილი პირები ამ მასალებში ასევე ივანე ნაკაიძე, ალექსანდრე გოგოხია და გიორგი სარაჯიშვილი არიან.

კომპანიათა იურიდიული წარმომადგენლების სია ძმებ ბიბილაშვილებით არ სრულდება, ამ დროისთვის გასაჯაროებულ მასალებში 26 ქართველი იურისტი ან კომპანიის იურიდიული წარმომადგენელია.

“პანამის დოკუმენტებში” იძებნება კახა დამენია. 2005-2008 წლებში ის საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ბოლოს კი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ფინანსური დირექტორი იყო. სკანდალურ მასალებში ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული STAMAR GLOBAL LTD-ის დირექტორის პოზიციით მოხვდა, თავის მხრივ, ამ კომპანიაში წილებს ბიზნესმენები რევაზ შარანგია და ხვიჩა მაქაცარია ფლობენ. როცა საქმე ბიზნესს ეხება, მათი სახელები განუყრელია. მაქაცარია შარანგიასთან ერთად იმ “ჯი ემ სი ჯგუფის” დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს კახა კალაძის “საქჰიდრომშენი” იყიდა. ორივე ერთად თბილისის მიკროავტობუსების ტენდერის სკანდალშიც ფიგურირებდა. “ჯი ემ სი ჯგუფში” შარანგია-მაქაცარიას ბიზნესპარტნიორია თეიმურაზ არონია, რომელიც “პანამის დოკუმენტების” მიხედით, Lexor Capital Corp-ის მფლობელია. ქართული წყაროებით კი ის 2014 წელს წილს “კავკასუს ონლაინშიც” ფლობდა. “პანამის დოკუმენტების” მიხედვით, ამ კომპანიის იურიდიული წარმომადგენელი იურისტი გიორგი კრაველიძეა.

ყოფილი ჩინოვნიკებიდან ე.წ. ფინანსურ სამოთხეშია შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე. მის მფლობელობაში არსებული Garissa Ltd ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2014 წლის 17 სექტემბერს დარეგისტრირდა. ამავე წელს გიორგი გაჩეჩილაძე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი იყო. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Garissa Ltd-ის მფლობელებად დოკუმენტებში სახელდებიან ასევე ლევან კაჭარავა და გოჩა მეგრელიძე.

“პანამის დოკუმენტებში” ვხვდებით ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს, თუმცა საინტერესოა, რომ მასალებში დაფიქსირებული პირადი ნომრით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქე არ იძებნება. ბიზნესწრეებში კი ერთადერთი ზაზა ოქუაშვილია ცნობილი, ის ამჟამად ტელეკომპანია “იბერიის” მფლობელია. პროფესიით ექიმმა 1990 წელს “ომეგა ჯგუფი” დააფუძნა. ვარდების რევოლუციის პირობებში “ომეგა ჯგუფში” სპეცრაზმი შევიდა, შედეგად 2004 წელს დაიხურა ტელეკომპანია “იბერიაც”, რომელმაც მაუწყებლობა მხოლოდ 11-წლიანი პაუზის შემდეგ განაახლა. არაოფიციალურად ბიზნესმენის კაპიტალი 250 მლნ დოლარს ითვლის. საიდუმლო მასალებით ირკვევა, რომ ზაზა ოქუაშვილი წილებს ოფშორში რეგისტრირებულ სამ კომპანიაში Finley Trading-ში, DAGMAR FINANCE GROUP INC.-სა და Velsan Trading Corp-ში ფლობს. DAGMAR FINANCE GROUP INC-ის იურისტად კი დოკუმენტებში მარიამ ჯაფარიძე ფიგურირებს, რომელიც სამართლებრივ მომსახურებას კიდევ ერთ ოფშორულ კომპანიას, HOWALL INVESTMENTS GLOBAL S.A, უწევდა. ამავე კომპანიის წარმომადგენლად Mossack Fonseca-ს არქივში დავით ფანქველაშვილიც იძებნება. თავად ოქუაშვილი ახლა ლონდონში იმყოფება, მისმა წარმომადგენლებმა პანამურ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება არ ისურვეს.

სასტუმრო “რედისონი” თბილისში, კომპანია “სილქნეტი”, გადაზიდვების სფერო – ეს ყველაფერი “სილქ როუდ ჯგუფის” ბიზნესია. ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ინფორმაციით, კომპანია 2001 წლიდან ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, მის 10%-ს კი ბიზნესმენი დავით რაფავა ფლობს. “სილქ როუდ ჯგუფი” და გიორგი რამიშვილი განუყოფელი სახელებია. დღეს ამ კომპანიის ბიზნესინტერესების სფერო ინფრასტრუქტურულ, უძრავი ქონების, საბანკო, სავაჭრო, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკის სექტორებს მოიცავს. ამავე კომპანიის იურიდიულ წარმომადგენლად ე.წ “პანამის დოკუმენტებში” ლევან ენუქიძეც გვხვდება.

ზაზა ქათამაძე “ლუკოილ ჯორჯიას” გენერალური დირექტორია და ოფშორული ზონის სიკეთეებით ისიც სარგებლობს, რადგან კომპანია Georgia Rudomar S.A-ში, რომელიც “პანამის დოკუმენტებით” ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, ქათამაძე წილებს ფლობს.

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული კომპანია OOCO LTD-ი (Oriental Oil Co. Ltd), რომლის წილებსაც გიორგი და კობა კეჟერაშვილები და ლიანა კობიაშვილი ფლობენ. გიორგი კეჟერაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველოს უფროსია, კობა კეჟერაშვილი და ლიანა კობიაშვილი კი მისი მშობლები არიან. საჯარო მოხელე კობიაშვილმა 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ მამა – კობა კეჟერაშვილი Oriental Oil Co. Ltd-ის დამფუძნებელი და დირექტორია, კომპანიის იურიდიულ მისამართად ლონდონია მითითებული და არა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, როგორც ეს “პანამის დოკუმენტებშია”. საიდუმლო მასალებით, ამავე კომპანიის მეწილეები გიორგი კეჟერაშვილის ნათესავი ზაალ კეჟერაშვილი და შორენა გველესიანი არიან. ამას გარდა, ოჯახი წილებს ფლობს ამავე ფინანსურ ზონაში რეგისტრირებულ FOL TRADING CORP-ში. მიზეზი, რის გამოც კეჟერაშვილების ოჯახმა ე.წ “საგადასახადო სამოთხე” აირჩია? განმარტების გაკეთება სახელმწიფო მოხელე გიორგი კეჟერაშვილმა არ ისურვა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საჯარო რეესტრის მონაცემების ბაზაზე პორტალი www.companyinfo.ge შექმნა. ამ პორტალზე დაყრდნობით, შპს “ვალენიუს ვილჰელმსენ ლოჯისტიკს ჯორჯიას”, “კარატ +” -ს , საქართველოში რემბოლის ფილიალს, ბიზნესმენი რატი ჭელიძე უკავშირდება, რომელიც “პანამის დოკუმენტების” მიხედვით, Petrocas Energy Management Limited-თან არის დაკავშირებული, ამავე კომპანიის იურიდიულ წარმომადგენლად კი არჩილ ხელაშვილი ფიქსირდება.

2012 წლის მარტში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ფინანსური სიკეთეების მისაღებად GRENCORD CORP-მა, ხოლო უფრო ადრე რეგისტრაცია ამავე ოფშორულ ზონაში International Fuel Service Corp.-მა გაიარა. ამ ორივე კომპანიაში წილებს გიორგი კაპანაძე ფლობს, რომელიც, ქართული ცნობებით, 2010 წელს “ფლაი ჯორჯიას” დირექტორი იყო, ამავე წელს ის დირექტორად ფიქსირდება შპს “ჯორჯიან პეტროლიუმში”, ხოლო 2012 წელს შპს GK TRADE-ში. (წყარო:www.companyinfo.ge)

“პანამის მასალებში” არიან ისეთი ქართველებიც, რომელთა შესახებ ქართულ ინტერნეტწყაროებსა და ოფიციალურ საძიებო სისტემებში თითქმის არაფერი იძებნება, ასეთები არიან:

პაატა ვადაჭკორია (01025007112) – International Fuel Service Corp. (მფლობელი); კახაბერ ნინუა (01027004136) – Adprojects Inc. (საბჭოს წევრი), Iramar Holding Limited (POA); თეიმურაზ გერსამია (01008004463) – Bexerton Ltd (მფლობელი); ზაზა გოდელაშვილი (45 08 048632 რუსეთის ფედერაცია) – LINDOS INTERNATIONAL LTD. (წილის მფლობელი); დავით ხიდაშელი (N9 0002554) – INFORMAP WORLDWIDE LIMITED -EX- HESDAN LIMITED (წილის მფლობელი); მიხეილ გოგლიჩიძე (01024007596) – HARMON PREMIER LTD. (მფლობელი); მიხეილ ლელაშვილი (01008006232) – PERSONAL ADVISERS & CO. (დირექტორი); ბორის თორდია (01026009821) – H.B.M Global LIMITED (წილის მფლობელი); თეიმურაზ ქორქაშვილი (01009002521) – FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი); თამაზ კირეულიშვილი (01024010761) – FOL TRADING CORP., DONROY COMPANY INCORPORATED (წილის მფლობელი); თამაზ ჯახუტაშვილი (61001013225) – ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI (წილის მფლობელი); ზურაბ ნიჟარაძე (01031006223) – ILKLEY OVERSEAS LIMITED (წილის მფლობელი); თამაზ ჩხიკვიშვილი (01024003763) – GRUPO ALIMENTARE S.A. (მფლობელი); გურამ მოქია (51N 3245829) – EDENVALE VENTURES LTD. (დირექტორი); გიორგი ლაშხი (01008022951) – CLAREN VENTURES LTD. (დირექტორი); თამაზ ნიჟარაძე (61002002686) – ELENCO HOLDINGS INC., DESTON COMPANY S.A. (POA); გიორგი ექვთიმიშვილი (01001005554) – Rominvest Trading Corp. (POA); ქეთევან ნაცვლიშვილი (01008016686) – Horizon Group limited, NDI Enterprises Limited – დირექტორი; გოჩა ხანდოლიშვილი (01015006511) – SAMPOR GLOBAL CORP. (წილის მფლობელი); პაატა ჩხეიძე (59001005137) – Rominvest Trading Corp. (POA) ნიკოლოზ ასანიძე (59001009934) – MOOVEN INTERNATIONAL S.A., Velsan Trading Corp. (POA); ალექსანდრე ლაცაბიძე (59001002247) – Rominvest Trading Corp. (POA); გიორგი ქურდაძე (61001002353) – FELMARK TRADING INC. (POA); ნიკოლოზ ქურდაძე (01024016063) – FELMARK TRADING INC. (POA); თეიმურაზ კვერნაძე (01006005260) – GENOVA MANAGEMENT LTD. (წილის მფლობელი); ილია ცინცაძე (01026003466) – Deston Company S.A. (წარმომადგენელი); ვაჟა კეჭაყმაძე (33001007906) – INTERDRILLINGSERVISE LTD (ადმინისტრატორი); ნინო კიკვაძე (01010010491) – PONTOS ENERGY LIMITED (დირექტორი); ალექსანდრე ნიკოლაიშვილი (01030000826) – BLENVILLE REAL ESTATES LTD. (წილის მფლობელი); ზაზა ლეჟავა (01018002057) – BETLEY PACIFIC LIMITED (წილის მფლობელი); კობა საძაგლიშვილი (01009015290) – Smod Equites Corp. (POA); დავით ბერიშვილი (62004011102) – SUPERLINE HOLDINGS LTD; B.V.I. (POA); თეიმურაზ კვერნაძე – GENOVA MANAGEMENT LTD. (წილის მფლობელი); დავით კეჩხუაშვილი – BETLEY PACIFIC LIMITED (დირექტორი).

სკანდალური დოკუმენტების ამბავი, როგორც ჩანს, აქ და ახლა არ სრულდება, რადგან ამ ეტაპზე გამოქვეყნებულია მხოლოდ სახელები, გვარები და კომპანიები, თავად დოკუმენტები კი ჯერ ისევ საიდუმლოა.

დოკუმენტებმა ევროპა იმდენად შეაშფოთა, რომ ევროპარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაც კი გადაწყდა. რა რეაგირება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ოფშორული ფულის მასალებზე, ჯერ უცნობია.