ე.წ. „ვაქცინის პასპორტი“ არის ევროკავშირის მიერ შემოღებული კოვიდის ციფრული სერტიფიკატი, რომელიც უკვე აღიარებულია ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ. გარდა ევროკავშირის წევრებისა, კოვიდის სერტიფიკატი შვეიცარიის, ისლანდიის, ნორვეგიისა და ლიხტენშტაინის მიერაა მიღებული. ე.წ. „ვაქცინის პასპორტის“ გამოყენება ოფიციალურად 1 ივლისიდანაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ კოვიდის ციფრული სერტიფიკატი გაამარტივებს ტურისტების გადაადგილებას ორგანიზაციის წევრ სახელწიფოებს შორის, თუმცა ის არ წარმოადგენს სამოგზაურო დოკუმენტს და, შესაბამისად, მგზავრებს კვლავ მოუწევთ პასპორტის ან შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა.
კოვიდ-სერტიფიკატის ფლობა ტურისტებს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში ტესტირებისა და კარანტინის ვალდებულებისგან იხსნის. „ვაქცინის პასპორტი“ მფლობელის შესახებ შეიცავს შემდგომ ინფორმაციას: მას აქვს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული, უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს კოვიდ-19 ან აქვს უარყოფითი PCR ტესტი.
ე.წ. „ვაქცინის პასპორტი“ სრულიად უფასოა – ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ლეგალურად მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მისი გადმოწერა და გამოყენება. კოვიდის ციფრული სერტიფიკატი შეიცავს QR კოდს ციფრული ხელმოწერით, რომელზეც დაშიფრულია ინფორმაცია იმ კლინიკისა და ტესტცენტრის შესახებ, რომელშიც მფლობელის ვაქცინაციის ისტორია ინახება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აეროპორტში სერტიფიკატის გამოყენების შემთხვევაში, მასზე არსებული ინფორმაცია ისევ მხოლოდ სერტიფიკატზე რჩება და არ ინახება მისი გამოყენების ადგილას.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის კოვიდის ციფრული სერტიფიკატი და დიდი ბრიტანეთის NHS-ი კოვიდის საშვი მსგავს ინფორმაციას შეიცავს, ისინი განსხვავებულია და ევროკავშირის მიერ დიდი ბრიტანეთის კოვიდის საშვი ჯერ აღიარებული არაა. გარდა ამისა, ორივე კოვიდ-სერტიფიკატის აღება შესაძლებელია როგორც ევროკავშირის, ასევე ბრიტანეთის მიერ აღიარებული ოთხივე ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში. ესენია: „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“ და „ჯონსონ & ჯონსონის“ ვაქცინა. თუმცა, მიუხედავად ევროკავშირის პოზიციისა, დიდი ბრიტანეთის კოვიდის საშვი დაშვებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორისაა ესპანეთი და საბერძნეთი.