ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი საინვესტიციო რისკის მქონე ქვეყნები

ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი საინვესტიციო რისკის მქონე ქვეყნები

ინვესტორები რომელიმე სახელმწიფოში ინვესტირების გადაწყვეტილების მიღებამდე, ხშირად ამ ქვეყნის საინვესტიციო რეიტინგით ხელმძღვანელობენ. საინვესტიციო რეიტინგი სწორედ იმ რისკის შეფასებითა და ანალიზით დგება, რის წინაშეც კონკრეტული სახელმწიფო საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობით, საკანონმდებლო სივრცით, მთავრობების სტაბილურობითა და კორუფციის დონით თუ ეკონომიკური მოწყობით დგას. სტატიაში იმ სახელმწიფოებზე ვისაუბრებთ, სადაც საინვესტიციო რისკი ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყნის საინვესტიციო რისკი რამდენიმე ცვლადის გათვალისწინებით იზომება. შესაბამისად, მეთოდოლოგია სწორედ აღნიშნული რისკის შეფასებით შედგა და ისეთ საკითხებს ითვალისწინებს, როგორიცაა:

  • პოლიტიკური რისკი: სახელმწიფო მმართველობის ფორმა/სახელმწიფოს მოწყობა, კორუფცია, კონფლიქტების დონე.
  • იურიდიული რისკი: საკუთრების უფლების დაცვის ხარისხი, სახელშეკრულებო უფლებები.
  • ეკონომიკური რისკი: ეკონომიკის დივერსიფიკაცია.

გარდა აღნიშნულისა, რეიტინგის შედგენისას ქვეყნის დეფოლტის რისკსაც ითვალისწინებენ. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის შტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორმა ასვათ დამოდარანმა, აშშ სხვა ქვეყნებისთვის მომატებული რისკის საზომ ნიშნულად გამოიყენა. შესაბამისად, ყველა ქვეყნის საინვესტიციო რისკის შეფასებისას, აშშ-სთან მიმართებითობა გაითვალისწინა. რეიტინგი სწორედ მის კვლევას ეფუძნება. კვლევის თანახმად შედგა ქვეყნის საინვესტიციო რისკის პრემია, რომელიც მაჩვენებელს %-ებში ზომავს.

ყველაზე დიდი საინვესტიციო რისკი აღნიშნული კვლევის თანახმად, ბელარუსს, ლიბანს, ვენესუელას, სუდანსა და სირიას აქვს და ის 24.8%-ს შეადგენს. ლიბანში ეკონომიკური კრიზისი უკვე 3 წელია, გრძელდება. ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშიც იმყოფება, ვალუტა კი გაუფასურებას განაგრძობს. სირიასა და სუდანში კონფლიქტები დღემდე მიმდინარეობს, რის გამოც მათი საინვესტიციო რისკი იზრდება. ბოლო პოზიციებზე აღმოჩენის მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობაა ვენესუელასთვისაც. მომდევნო ყველაზე მაღალი საინვესტიციო რისკის მქონე სახელმწიფოების პრემია 18.2%-ით განისაზღვრა და მიენიჭა ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა: არგენტინა, კუბა, განა, რუსეთი, შრი-ლანკა, უკრაინა, ზამბია, ჰაიტი, ჩრდილოეთი კორეა, მალავი, სიერა-ლეონე და სომალი. ანუ ამ ქვეყნებში ინვესტირების რისკი პროფესორმა თანაბრად შეაფასა.

ყველაზე მაღალი საინვესტიციო რისკის მქონე ქვეყნები:

ბელარუსი – 24.8%

ლიბანი – 24.8%

ვენესუელა – 24.8%

სუდანი – 24.8%

სირია – 24.8%

არგენტინა – 18.2%

კუბა – 18.2 %

განა – 18.2%

რუსეთი – 18.2%

შრი-ლანკა – 18.2%

უკრაინა – 18.2%

ზამბია – 18.2%

ჰაიტი – 18.2%

ჩრდილოეთი კორეა – 18.2%

მალავი – 18.2%

სიერა ლეონე – 18.2%

სომალი – 18.2%

საინტერესოა, რომ საქართველოს საინვესტიციო რისკის პრემია 4.6%-ით შეფასდა და შეფასებულ 177 სახელმწიფოს შორის მას 87-ე საუკეთესო შედეგი აქვს. მეზობელი სომხეთის საინვესტიციო რისკის პრემია საქართველოზე მაღალია და 5.5%-ს შეადგენს. უფრო დიდი რისკის მაჩვენებლით, 9.9%-იანი პრემიით განისაზღვრა ასევე მეზობელი თურქეთის რეიტინგიც. სანაცვლოდ, საქართველოზე დაბალი საინვესტიციო რისკის მქონე ქვეყნად შეფასდა აზერბაიჯანი და მას 3.8%-იანი პრემია მიენიჭა.

საუკეთესო საინვესტიციო რისკის პრემია 13-მა სახელმწიფომ დაიმსახურა და ის 0.0%-ით განისაზღვრა. ყველაზე დაბალი საინვესტიციო რისკის მქონე სახელმწიფოებს ავსტრალია, კანადა, დანია, გერმანია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია და აშშ წარმოადგენენ. აღნიშნული სახელმწიფოები Moody-ს AAA საკრედიტო რეიტინგსაც ფლობენ.

ყველაზე დაბალი საინვესტიციო რისკის მქონე ქვეყნები:

ავსტრალია – 0.0%

კანადა – 0.0%

დანია – 0.0%

გერმანია – 0.0%

ლიხტენშტაინი – 0.0%

ლუქსემბურგი – 0.0%

ნიდერლანდები – 0.0%

ახალი ზელანდია – 0.0%

ნორვეგია – 0.0%

სინგაპური – 0.0%

შვედეთი – 0.0%

შვეიცარია – 0.0%

აშშ – 0.0%

განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდა ინვესტორებისთვის შესაძლებლობებს აჩენს. დემოგრაფიული მდგომარეობა, მშპ-ის ზრდა, ტექნოლოგიური განვითარება, სექტორებისა და აქტივების დივერსიფიცირება ინვესტორებისათვის სასარგებლო ფაქტორებს წარმოადგეს.