ეკონომიკური მოგება (ინგლისურად Economic profit) არის მოგების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მიიღება, როცა მთლიან შემოსავალს გამოვაკლებთ კომპანიის ყველა ხარჯს – როგორც პირდაპირს, ასევე რესურსების გამოყენების ხარჯს. პირდაპირი ხარჯია ის ხარჯი, რაც უშუალოდ საქონლის ან მომსახურების წარმოებას სჭირდება, ხოლო რესურსების გამოყენების ხარჯი, ალტერნატიული ხარჯი არის გადაწყვეტილების ფარული ხარჯი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. მაგალითად, თუ მეწარმე თავის კომპანიას დააარსებს მოგების მიღების მიზნით და ამის გამო სხვა კომპანიაში ხელფასს ვეღარ გამოიმუშავებს, მისი შრომის ფასი საკუთარი კომპანიისთვის ალტერნატიული ხარჯია.
ეკონომიკური მოგების გამოთვლა არ არის სავალდებულო და, შესაბამისად, არ არის მოცემული ფინანსურ ანგარიშებში, თუმცა საწარმოს მოგებიანობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და აქტიურად გამოიყენება შიდა ანალიზისთვის.