რა არის კაპიტალური ტრანსფერი?

რა არის კაპიტალური ტრანსფერი?

კაპიტალური ტრანსფერი (ინგლისურად Capital Transfer) არის კაპიტალური პროექტების განსახორციელებლად პირის მიერ მისი დაქვემდებარებული პირისთვის გადაცემული ფინანსური რესურსი. კაპიტალური ტრანსფერი ძირითადად სახელმწიფო ფინანსების განკარგვაში გამოიყენება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეცემა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს (მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ზუგდიდის ბიუჯეტს). ასევე, კაპიტალური ტრანსფერის გაცემა შესაძლებელია ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის (მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ბათუმის ბიუჯეტისთვის).

კაპიტალური ტრანსფერის მიმღებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ეს თანხა კაპიტალურ ანუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯოს. 2023 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდი ლარის კაპიტალური ტრანსფერია გამოყოფილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის, რომელიც ადგილობრივი გზების და სხვა ინფრასტრუქტურის შენება-რეაბილიტაციას მოხმარდება.