რა არის ნულოვანი მოგების წერტილი?

რა არის ნულოვანი მოგების წერტილი?

ნულოვანი მოგების წერტილი (ინგლისურად Break-Even Point (BEP)) არის გაყიდვების ის მინიმალური რაოდენობა, რომლისგან მიღებული შემოსავალი სრულად დაფარავს საქონლის ან მომსახურების წარმოების და მიწოდების ფიქსირებულ და ცვლად ხარჯებს. ნულოვანი მოგების წერტილის დროს კომპანიის ჯამური შემოსავლები და ჯამური ხარჯები ერთმანეთის ტოლია.  „ნულოვანი“ ჰქვია იმიტომ, რომ ამ დროს კომპანიის მოგება ნულის ტოლია და კომპანია მოგების მიღებას დაიწყებს, თუ მისი გაყიდვები ნულოვანი მოგების წერტილის შესაბამის რაოდენობაზე მეტი იქნება.

ფინანსურ აღრიცხვაში ნულოვანი მოგების წერტილი შემდეგნაირად გამოითვლება: ჯამური ფიქსირებული ხარჯი უნდა შეფარდდეს ერთეული საქონლის ან მომსახურების გასაყიდ ფასსა და ცვლად ხარჯს შორის სხვაობასთან.

მაგალითად, აწარმოებთ მაგიდებს, რომელთა ფიქსირებული ხარჯია 50,000 ლარი. ერთი მაგიდის წარმოების ცვალებადი ხარჯია 50 ლარი, ხოლო გასაყიდი ფასი – 100 ლარი. ამ შემთხვევაში, ნულოვანი მოგების წერტილი უდრის 50,000 ლარი შეფარდებული 100-50 ლართან და შედეგად გვაძლევს 1,000 ცალ მაგიდას. ანუ, 1,000 ცალ მაგიდას თუ აწარმოებთ და გაყიდით, ჯამური შემოსავალი და ხარჯი ერთმანეთის ტოლი იქნება. 1,000 ცალი მაგიდა არის ნულოვანი მოგების წერტილი.