ოფციონი (ინგლისურად option) ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობით მყიდველს შეუძლია წინასწარ შეთანხმებული პირობებით შეიძინოს გამყიდველისგან აქტივები (მაგალითად, აქციები). ოფციონი ერთგვარი პრივილეგიაა, ამიტომ ოფციონის მისაღებად მყიდველი გარკვეულ თანხას იხდის, რასაც პრემიას უწოდებენ — იხდი პრემიას, რომ მიიღო პრივილეგია. ოფციონი არ ავალდებულებს მის მფლობელს, აუცილებლად იყიდოს წინასწარ შეთანხმებულ ფასად ესა თუ ის აქტივი, ის მხოლოდ უფლებაა დათქმული პირობებით იყიდოს და არა ვალდებულება. სწორედ ამით განსხვავდება ოფციონი ფიუჩერსული კონტრაქტებისგან.
ოფციონი ფასიანი ქაღალდია, რომლითაც საფონდო ბირჟებზე ვაჭრობენ, ისე როგორც ფიუჩერსებით. მაგალითად, გაქვთ ოფციონი, რომელიც უფლებას გაძლევთ, დათქმულ დროს შეიძინოთ კონკრეტული კომპანიის აქცია 20 დოლარად. თუ ამ კომპანიის აქციების ფასი იზრდება და მოსალოდნელია დათქმულ დროს 20 დოლარზე მეტი ღირდეს, თქვენგან ოფციონის ყიდვის მსურველები გამოჩნდებიან და გაყიდვის შემთხვევაში მოგება დაგრჩებათ.