ქონების დეკლარაცია (ინგლისურად Declaration of assets) არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებრივი მდგომარეობაა ასახული დროის გარკვეული პერიოდისთვის. ქონების დეკლარაციაში ყველა ქონების შეტანა არ არის სავალდებულო, რა უნდა ჩაიწეროს, ამას კანონი განსაზღვრავს და ძირითადად უძრავ ქონებას, სატრანსპორტო საშუალებებს და ბიზნესში წილებს მოიცავს. ქონებრივი დეკლარაციის შევსებას ორი მიზანი აქვს: დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა და კორუფციის კონტროლი.
საგადასახადო მიზნით ქონების დეკლარაციას ავსებენ ის ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებსაც ქონების გადასახადის გადახდა უწევთ. ასეთი პირების წრე ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, საქართველოში ფიზიკური პირი ქონების დეკლარაციას ავსებს მაშინ, თუ მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია.
კორუფციის კონტროლის მიზნით ქონების დეკლარაციას სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანები ავსებენ წელიწადში ერთხელ, სადაც შემოსავალს და შევსების მომენტში არსებულ ქონებას უთითებენ.