„საგადასახადო სამოთხე“ (ინგლისურად Tax Haven) არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები და ფიზიკური პირები განსაკუთრებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. ასეთი შეღავათები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები ან გადასახადებისგან გათავისუფლება, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე. კომპანიის რეგისტრაციის სიმარტივეში ფულის წარმომავლობის ნაკლები კონტროლიც იგულისხმება. ასეთ ტერიტორიებს ხშირად ოფშორულ ფინანსურ ცენტრებსაც უწოდებენ.
„საგადასახადო სამოთხეები“ ძირითადად საბანკო დეპოზიტებსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე გვხვდება. დეპოზიტებიდან შემოსავალი გათავისუფლებულია გადასახადებისგან ან მინიმალურად იბეგრება. „საგადასახადო სამოთხის“ სტატუსის მქონე ქვეყნები სამართლებრივი დაცულობითაც გამოირჩევიან, მაღალია კერძო საკუთრებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის სტანდარტები.
დღეს ყველაზე მოთხოვნადი „საგადასახადო სამოთხის“ სტატუსის მქონე ქვეყნები და ტერიტორიებია: ლუქსემბურგი, კაიმანის კუნძულები, შვეიცარია, ბერმუდა, ჰონგ-კონგი, ჯერსი, ნიდერლანდები, სინგაპური და ვირჯინიის კუნძულები.