საგადასახდელო ბალანსი (Balance of Payments (BOP)) არის ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების (ოპერაციების) აღმრიცხველი სტატისტიკა. საგადასახდელო ბალანსს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკური სამსახურები ან ცენტრალური ბანკები ადგენენ. საქართველოში საგადასახდელო ბალანსს ეროვნული ბანკი ადგენს და ყოველკვარტალურად აქვეყნებს.
საგადასახდელო ბალანსი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, ესენია: მიმდინარე ანგარიში და კაპიტალისა და ფინანსური ანგარიში. მიმდინარე ანგარიშში ასახულია საქონლისა და მომსახურების ექსპორტი და იმპორტი, არარეზიდენტების შრომითი და საინვესტიციო შემოსავლები, საზღვარგარეთიდან მიღებული და გაცემული ტრანსფერები. ფინანსური ანგარიში ასახავს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულ ინვესტიციებს და უცხოელების მიერ (მაგალითად, საქართველოში) განხორციელებულ ინვესტიციებს. ინვესტიციები იყოფა როგორც: პირდაპირი, პორტფელის, ფინანსური წარმოებულები, სხვა ინვესტიციები და სარეზერვო აქტივები.
საგადასახდელო ბალანსის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების ანალიზისთვის. ის სრულად ასახავს, თუ როგორ იცვლება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები.