სენიორაჟი (ინგლისურად Seigniorage) არის ფულის ბეჭდვის შედეგად მიღებული შემოსავალი. როგორც წესი, ფულის ბეჭდვაზე ექსკლუზიური უფლება ხელისუფლებას აქვს და, შესაბამისად, სენიორაჟსაც ის იღებს. სენიორაჟს ინფლაციურ გადასახადსაც უწოდებენ, რადგან ზედმეტმა ფულის დაბეჭდვამ შეიძლება მიმოქცევაში უკვე არსებული ფულის მსყიდველობითი უნარი შეამციროს (ინფლაციის გამო). ვინც სენიორაჟის უფლებით სარგებლობს, ის მიიღებს დამატებით თანხას, მაგრამ ვისაც ხელთ არსებული ფული გაუუფასურდება, შეიძლება ითქვას, რომ ის დაიბეგრა: მთავრობის შემოსავლის ზრდისთვის მოსახლეობაში არსებული ფულის მსყიდველობითი უნარი მცირდება.
გამომდინარე იქიდან, რომ სენიორაჟის მიღების გამო მთავრობას შესაძლოა ფულის ბეჭდვის სურვილი გაეზარდოს, ბევრ ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) ცენტრალური ბანკის მიერ მთავრობისთვის ფულის სესხება იკრძალება.