რა ინვესტიციას განახორციელებს OMV PETROM-ი შავ ზღვაში ნავთობის ძიებისთვის?

რა ინვესტიციას განახორციელებს OMV PETROM-ი შავ ზღვაში ნავთობის ძიებისთვის?

საქართველოს მთავრობამ შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზია ნავთობკომპანია OMV Petrom-ს მიანიჭა, რომელიც ავსტრიული ენერგოკომპანია OMV ჯგუფის წევრია. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დღეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ლიცენზიის მინიჭებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საუბარია შავი ზღვის II სალიცენზიო ბლოკზე, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის საზღვართან იწყება. სალიცენზიო ბლოკის ფართობი 5,282 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. სააგენტოს ინფორმაციით, საწყის ეტაპზე OMV Petrom-ი ორ და სამგანზომილებიან სეისმოსაძიებო სამუშაოებს ჩაატარებს, შესაბამისი მარაგების აღმოჩენის შემთხვევაში კი ბურღვითი სამუშაოები დაიწყება.

“ნალოგიური პროექტის ღირებულება – რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV-ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია,”- ნათქვამია ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციითვე, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც შავი ზღვის შელფურ ზონაში ბუნებრივი აირისა და ნავთობის საძიებო სამუშაოებს არ აწარმოებდა.

“ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც OMV PETROM ი კომპანიაTOTAL თან ერთად ოპერირებს.

OMV Petrom რუმინეთის ყველაზე დიდი და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი ნავთობისა და გაზის კომპანია. 2012 წელს OMV PETROM-მა, ExxonMobil-თან ერთად, რუმინეთში, შავ ზღავის საძიებო ბლოკ Neptun-ზე აღმოაჩინა გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი საბადო DOMINO -1,”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

OMV Petrom-ის შესახებ:

OMV Petrom-ი რუმინეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. კომპანია ფლობს 860 მეგავატიანი სიმძლავრის ელექტროსადგურს და ფარავს რუმინეთის ენერგომოხმარების დაახლოებით 10%-ს. ის ავსტრიული ნავთობკომპანია OMV ჯგუფის წევრია.

Forbes-ის 2019 წლის მონაცემებით OMV Group-ი არის ავსტრიის მეორე უმსხვილესი, ხოლო ევროპის მასშტაბით N79-ე უდიდესი კომპანია.

OMV ნავთობის ძებნა ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, ცენტრალურ და აღმოსვლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ზღვაზე და ახლო აღმოსავლეთში. OMV ნავთობგადამამუშავებელი საქმიანობას ძირითადად აწარმოებს ავსტრიაში გერმანიში და რუმინეთში. გადამუშავებული პროდუქციის მოცულობამ 2019 წელს 24,9 მლნ ტონა შეადგინა. OMV ასევე ფლობს 2100-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს ევროპის 10 ქვეყანაში.

სახელმწიფომ შავი ზღვის შელფზე ნავთობის კვლევა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზიის გასაცემად საერთაშორისო აუქციონი 2020 წლის 15 იანვარს გამოაცხადა. ტენდერში წინადადების წარდგენის ვადა 30 აპრილს ამოიწურა.

სალიცენზიოდ გამოტანილი იყო II და III სალიცენზიო ბლოკები. მეორე სალიცენზიო ბლოკის ფართობი 5,282 კვადრატული კილომეტრი, მესამე სალიცენზიო ბლოკის ფართობი კი, 3,468 კვადრატული კილომეტრი იყო.

bm.ge

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *