ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებები წარუდგინა. მნიშვნელოვანი ცვლილებებია:
1. საგადასახადო შემოსავლების 120 მლნ-ით ზრდა, რაც ძირითადად ჯანდაცვის ხარჯების ზრდაზე მიიმართება. შედეგად, სოციალური უზრუნველყოფის მუხლი 96 მლნ ლარით იზრდება. საგადასახადო შემოსავლების ზრდა გაზრდილმა ინფლაციის დონემ განაპირობა, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე თანხის დამატების აუცილებლობითაა განპირობებული;
2. 75 მლნ ლარით მცირდება ე.წ. კაპიტალური ხარჯები, ანუ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილი თანხა. ეს გამოწვეულია პროექტების ნელი ტემპით შესრულებით. 45 მლნ ლარით იზრდება სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან (პრივატიზაციიდან) მისაღები შემოსავლების გეგმა;
3. ბიუჯეტის დეფიციტი 108 მლნ ლარით მცირდება, რაც დადებითი მოვლენაა მაკროეკონომიკური თვალსაზრისით;
4. 185 მლნ ლარით მცირდება საშინაო ვალის აღება. ეს ის თანხაა, რომელიც მთავრობას საბიუჯეტო დანაზოგის (ნაშთის) ზრდისთვის უნდა ესესხა. შესაბამისად, წელს ნაშთი არა 325 მლნ ლარით, არამედ 140 მლნ ლარით გაიზრდება.
5. 108 მლნ ლარით მცირდება საგარეო ვალის აღება. ეს გამოწვეულია კაპიტალური ხარჯების შემცირებით და პრივატიზაციიდან შემოსავლის ზრდით.
ცხრილი – 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილება მუხლების მიხედვით (მლნ ლარებში)
ბიუჯეტის მუხლები | მოქმედი ვარიანტი | შეცვლილი ვარიანტი | ცვლილება |
შემოსავლები | 7951 | 8048.9 | 97.9 |
გადასახადები | 7400 | 7520 | 120 |
გრანტები | 256 | 238.9 | -17.1 |
სხვა შემოსავლები | 295 | 290 | -5 |
ხარჯები | 8016.6 | 8110.5 | 93.9 |
ადმინისტრაციული | 2321.2 | 2323.1 | 1.9 |
ვალის მომსახურება | 377 | 377 | 0 |
სუბსიდიები და გრანტები | 1498 | 1494 | -4 |
სოციალური უზრუნველყოფა | 2687.6 | 2783.6 | 96 |
სხვა ხარჯები | 1132.9 | 1132.6 | -0.3 |
საოპერაციო სალდო | -65.7 | -61.6 | 4.1 |
კაპიტალური ხარჯები | 774 | 699 | -75 |
პრივატიზაცია | 235 | 280 | 45 |
მთლიანი სალდო | -604.4 | -480.7 | 123.7 |
ფინანსური აქტივების ცვლილება | 560.4 | 391.2 | -169.2 |
ბიუჯეტის დეფიციტი | 840 | 731.9 | -108.1 |
ვალის აღება | 1165 | 871.9 | -293.1 |
საშინაო | 500 | 315 | -185 |
საგარეო | 1124 | 1016 | -108 |
ვალის დაფარვა | 459.2 | 459.2 | 0 |
ნაშთის ცვლილება | 325 | 140 | -185 |