რამდენიმეთვიანი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მხარი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა. ჰარისმა დემოკრატების ეროვნული კონვენციის კანდიდატობისათვის საჭირო რაოდენობის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ზრდის შანსებს, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ის იყოს.
მიმდინარე წლის ნოემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჰარისის მთავარი კონკურენტი რესპუბლიკელების კანდიდატი, მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი იქნება. აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კი, კანდიდატობისთვის ოფიციალურად რეგისტრაციის შემთხვევაში, შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ქალის ტიტულისთვის იბრძოლებს.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდში – 2021 წელს – კამალა ჰარისი და მისი მეუღლე, დაგლას ემჰოფი $7 მილიონის ქონებას ფლობდნენ. მათი ქონების წმინდა ღირებულება დღევანდელი მოცემულობით $8 მილიონამდეა გაზრდილი, რაც დაახლოებით 20-ჯერ აღემატება ამერიკელების ქონების საშუალო წმინდა ღირებულებას მათ ასაკობრივ ჯგუფში.
ჰარისის სიმდიდრე გაიზარდა როგორც საჯარო სამსახურში მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ასევე ემჰოფის, როგორც იურისტის, წარმატებული კარიერის კომბინაციით. მათ საკუთრებაში არსებულ აქტივებში შედის მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების სახლი ლოს-ანჯელესში, ასევე ნაღდი ფული, ფონდები და ობლიგაციები. ბოლოდროინდელი ფინანსური ზრდის უმეტესი ნაწილი სწორედ ლოს-ანჯელესში მდებარე სახლის ღირებულების მატებასთანაა კავშირში.
ჰარისი კალიფორნიის შტატში, ოკლენდში, იმიგრანტების ოჯახში დაიბადა. Howard University-ისა და UC Hastings-ის სამართლის კოლეჯის დასრულების შემდეგ, მუშაობა ალამედის საოლქო პროკურატურის ოფისში დაიწყო, შემდეგ სან-ფრანცისკოს პროკურორად დაინიშნა, რის შემდეგაც კალიფორნიის გენერალური პროკურორი გახდა. 2016 წელს ჰარისმა აშშ-ის სენატში მოიპოვა ადგილი, მოგვიანებით, 2021 წელს კი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ჰარისმა კანდიდატურა პირველად 2019 წელს წარადგინა. თუმცა დეკემბერში დემოკრატთა კანდიდატობისთვის ბრძოლას თავისივე ნებით გამოეთიშა და მიზეზად ფულადი სახსრების სიმცირე დაასახელა. იმ დროისთვის, Forbes-ი ჰარისისა და მისი მეუღლის ქონებას თითქმის $6 მილიონად აფასებდა.
ამის შემდეგ, 2021 წელს, ჰარისმა სან-ფრანცისკოში თავისი ბინა $860 ათასად გაყიდა – $560,000-ით ძვირად, ვიდრე მან ბინაში 23 წლით ადრე გადაიხადა. იმავე წელს მან და ემჰოფმა ვაშინგტონში თავიანთი ბინა $1.85 მილიონად გაყიდეს. ამას ემატება ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი, რაც მან თანამდებობაზე მოსვლამდე, მის მიერ გამოცემული წიგნებიდან გამოიმუშავა. რაც შეეხება ლოს-ანჯელესში არსებულ კერძო საკუთრებას, 2021 წლის შემდეგ მისი ღირებულება დაახლოებით $1 მილიონით გაიზარდა და ახლა – $4.4 მილიონადაა შეფასებული.
კამალა ჰარისი ამჟამად 59 წლისა, რაც ნიშნავს, რომ კალიფორნიის საპენსიო ფონდიდან ყოველთვიურად $8,200-ის მიღებას მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყებს. ფედერალური პენსია კი 2026 წლიდან დაენიშნება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჰარისი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას შეძლებს, ის წლიურად $235,000-$400,000-ის ანაზღაურებას მიიღებს, სხვადასხვა ბენეფიტიდან გამომდინარე კი, შესაძლოა მისი ქონება მომავალში კიდევ უფრო მეტით გაიზარდოს.