Warner Bros. Discovery-იმ „ბეჭდების მბრძანებლის“ ორი ახალი ფილმის შესახებ ახალი დეტალები გაასაჯაროვა. პირველი სერია ეკრანებზე სავარაუდოდ 2026 წელს გამოჩნდება. რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ენდი სერკისია, რომელიც გოლუმის პერსონაჟს განასახიერებს, ხოლო პიტერ ჯექსონი – 2000-იანი წლების ტრილოგიის რეჟისორი – ამჟამად ფილმის პროდიუსერად გვევლინება.
კინოსტუდიის მიერ 2026 წლისთვის დაანონსებული ახალი ნაწილი ბლოკბასტერული სერიის პირველი ახალი ფილმი იქნება, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოვა. ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღად 2026 წელი Warner Bros. Discovery-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ზასლავმაც დაადასტურა. კომპანიის CEO-ს განცხადებით, „ბეჭდების მბრძანებლის“ სცენარზე მუშაობის საწყის ეტაპზე, პოტენციური პრემიერის თარიღად სწორედ 2026 წელი დასახელდა, პიტერ ჯექსონი კი ფილმზე მუშაობის პროცესში სრულადაა ჩართული.
სერკისთან და ჯექსონთან ერთად, ფილმზე პროდიუსერი ფრენ უოლში და სცენარისტი ფილიპა ბოიენსი იმუშავებენ. მათ წარსული თანამშრომლობაც აკავშირებთ, როგორც „ბეჭდების მბრძანებელზე“, ასევე „ჰობიტზე“. აღნიშნულ დეტალებთან დაკავშირებით, ზასლავის განცხადების შემდეგ, პრესრელიზი Warner Bros-მა გაავრცელა.
პრესრელიზშივე, კინოსტუდიამ ფილმის სამუშაო სახელწოდებაც გაამხილა: „ბეჭდების მბრძანებელი: გოლუმზე ნადირობა“ (Lord Of The Rings: The Hunt For Gollum), ენდი სერკისით მთავარ როლში, რომელიც გოლუმს განასახიერებს. სერკისი ასევე მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა Marvel Studios-ის „შავი პანტერა“, „მაიმუნების პლანეტა“ და „კინგ-კონგი“.
ტრილოგიის მსგავსად, Warner Bros-ი ახალ სერიებზეც 2008 წლიდან მის საკუთრებაში არსებულ სტუდია New Line Cinema-სთან ერთად მუშაობს. „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალი ფილმების გამოშვების შესახებ ზასლავმა პირველად გასულ წელს განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ახალი სერიები ძველი ფილმების რიმეიქი არ იქნება და პირიქით, სრულად ახალ ისტორიებსაც წარმოადგენს.
„ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ფილმებიდან მიღებული შემოსავალი $6 მილიარდს აღწევს. ორივე ფილმი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის წიგნების მიხედვითაა გადაღებული და ყველა დროის ოც ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის ხვდება. „ბეჭდების მბრძანებლის“ 2003 წლის ფილმმა – „მეფის დაბრუნება“ – 11 „ოსკარი“ მოიპოვა, მათ შორის – საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.
ცნობისთვის, Warner Bros-ი სტუდია New Line Cinema-სთან თანამშრომლობით, შობისთვის „ბეჭდების მბრძანებლის“ ანიმაციური ფილმის – „ბეჭდების მბრძანებელი: როჰირიმის ომი“ – გამოშვებასაც გეგმავს. პარალელურად კი Amazon Prime-ი მუშაობს სერიალზე, სახელწოდებით „ძალაუფლების ბეჭდები“, სადაც სიუჟეტი „ბეჭდების მბრძანებელში“ ასახულ მოვლენებამდე ათასობით წლით ადრე ვითარდება. სერიალი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული შოუა, $1-მილიარდიანი ბიუჯეტით. მიუხედავად კრიტიკისა, სერიალის მეორე სეზონის პრემიერა სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს შედგება.