როგორც აღმოჩნდა, გასული სამი ათწლეულის საუკეთესო შედეგის მქონე აქცია არა რომელიმე ტექნოლოგიური გიგანტი, არამედ ენერგეტიკული სასმელების კომპანია Monster Beverage-ია. Monster-ის აქციათა ფასების ზრდის ტენდენცია ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნდა, პარალელურად კი, 31 წელი მუდმივად იზრდებოდა მისი გაყიდვებიც.
1994 წლის 14 თებერვლიდან 2024 წლის 14 თებერვლამდე, Monster-ის აქციები დაახლოებით 200 ათასი პროცენტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ 1994 წელს $1,000-ის ინვესტირების შემთხვევაში, მისი ღირებულება ამჟამად $2,000,000 იქნებოდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, Monster-ის წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. თუმცა, უმეტესწილად, ეს მისი ლიდერების, თანააღმასრულებელი დირექტორებისა და სამხრეთ აფრიკელი მილიარდერების, როდნი საქსისა და ჰილტონ შლოსბერგის დამსახურებაა, რომელთაც დასაწყისშივე სწორად შეაფასეს ახალი ბაზრის პოტენციალი.
Monster Beverage-ი ჰოლდინგ-კომპანიაა, რომელიც შვილობილი კომპანიებისგან შედგება. ეს კომპანიები ენერგეტიკულ სასმელებთან ერთად აწარმოებენ ალკოჰოლურ სასმელებსაც, ასევე ჩაისა და ყავას. 2023 წლის მესამე კვარტალში კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა $1.86 მილიარდი შეადგინა, 14.3%-ით მეტი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ აქედან Monster Energy-ის სეგმენტზე $1.71 მილიარდი მოდიოდა.
Monster Beverage-ი, 1935 წელს, როგორც საოჯახო წვენების კომპანია, Hansen’s-ის სახელწოდებით დაარსდა, მოგვიანებით კი, მისი სახელი Hansen Natural Corporation-ად გადაკეთდა. 1988 წელს, გაკოტრების გამოცხადების შემდეგ, სამხრეთ აფრიკელმა მილიარდერებმა კომპანია შეიძინეს და მისი აქციები საჯაროდ განათავსეს. ამის შემდეგ ფირმამ სრული ტრანსფორმაცია განიცადა. მაშინ, როდესაც ერთ დროს პენიზე ვაჭრობდა, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისის მონაცემებით, აქციათა ფასი $55.02-ს გაუტოლდა.
რამდენიმე ენერგეტიკული სასმელი, თავისი წინა სახელწოდებით, Monster-მა 1990-იან წლებშიც გამოუშვა. თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, კომპანიის წარმატება 2002 წლიდან, მისი პოპულარული სასმლის გამოშვებით დაიწყო. მათივე თქმით, ლიდერები კარგად იცნობდნენ კომპანიის მომხმარებლებს, ტრადიციული რეკლამებისგან განსხვავებით, ფოკუსირებას ახდენდნენ სპორტსა და სხვა ღონისძიებებზე, როგორიცაა მაგალითად მოტოკროსი, UFC და ხარების ბრძოლა.
მალევე, კომპანიამ სასმელების ინდუსტრიის გიგანტ Coca-Cola-ს ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც 2015 წელს, ფირმასთან, რომლის სახელწოდებაც დღეს Monster Beverage-ია, სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა. იმ დროს, Coke-მა ფირმის 16,7%-იანი წილი $2 მილიარდად შეიძინა. დღეს, ეს წილი დაახლოებით 20%-მდეა გაზრდილი.
Coke-ი ასევე დათანხმდა გამხდარიყო Monster-ის გლობალური სადისტრიბუციო პარტნიორი და კომპანიებმა რამდენიმე ბრენდზე საკუთრების უფლება გაცვალა. Monster-მა მიიღო ენერგეტიკული სასმელები, როგორიცაა NOS-ი, Full Throttle-ი, Burn-ი და Relentless-ი, ხოლო Coke-მა სანაცვლოდ მიიღო Hansen-ის Natural Sodas-ი, Peace Tea და Hubert-ის Lemonade.