როგორი გარემო ხვდებათ ახალ თანამშრომლებს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ “გრანდ ელექტრონიქსში“

როგორი გარემო ხვდებათ ახალ თანამშრომლებს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ “გრანდ ელექტრონიქსში“

წარმოიდგინეთ სტანდარტული გასაუბრების პროცესი: ოდნავ დაძაბული ხართ, წინასწარ მომზადებულ პასუხებს გონებაში მეათასედ იმეორებთ; ნერვიულობთ და შემდეგ იმაზე ბრაზობთ, რომ ნერვიულობთ, რადგან, წესით, ისეთს ვერაფერს გკითხავენ, რაც წინასწარ არ გაგითვლიათ.  

თუმცა, ნაცვლად ამისა, მოვლენები არაორდინალური სცენარით იწყებს განვითარებას: ოფისის ჩვეულებრივი შეხვედრების ოთახის ნაცვლად კაფეში ან სადმე, უფრო არაოფიციალურ გარემოში გიბარებენ და ჭიქა ყავის ან თუნდაც ღვინის თანხლებით თქვენი პოტენციური დამსაქმებლები თუ თანამშრომლები მეგობრულად გესაუბრებიან. ხვდებით, რომ გულწრფელად ინტერესდებიან თქვენი გამოცდილებითა და პიროვნებით; კითხვებსაც უფრო მეგობრული ფორმა აქვს, ვიდრე – ოფიციალური. დიახ, მათ მართლა აინტერესებთ, ვინ ზის მათ წინ, ადამიანი CV-ის მიღმა.

სწორედ ასე იწყებენ ტექნიკის მაღაზიათა ქსელ “გრანდ ელექტრონიქსში“ კარიერას. ინოვაციური მიდგომა, განსხვავებული HR კულტურა და მოტივირებული გუნდი – პოტენციურ თანამშრომლებს “გრანდ ელექტრონიქსში“ ასეთი გარემო ხვდებათ.

“არასტანდარტული გასაუბრების მოდელი რამდენიმე წარმატებული შეხვედრის შემდეგ შევიმუშავეთ“, გვიყვება კომპანიის HR მენეჯერი, თინა გოგოლაძე. „რა თქმა უნდა, ამას წინ უძღვის რეზიუმეების გადარჩევისა და სტანდარტული გასაუბრებების ეტაპები, თუმცა ბოლო საფეხურზე, როცა 2-3 კარგი კანდიდატი რჩება და მათ შორის არჩევანის გაკეთება ჭირს, ჩვენ მათ არაფორმალურ, უფრო მშვიდ გარემოში ვხვდებით“, აღნიშნავს ის.

მშვიდ გარემოში კანდიდატი საკუთარ თავს საუკეთესო კუთხით ავლენს. “გრანდელები“ აკვირდებიან მთავარს – რამდენად არის მომავალი თანამშრომელი მათიანი; რამდენად კარგად შეეწყობა ის გუნდს და კომპანიის კორპორატიულ კულტურას სამომავლო ხანგრძლივი თანამშრომლობის პერსპექტივით.

          

“გრანდ ელექტრონიქსის“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ბიზნეს ტრენერი და ქოუჩი ვატო უგულავაც სწორედ ასე მოხვდა კომპანიაში. გასაუბრებიდან რამდენიმე საათში ტექნიკის მაღაზია რიგით მეხუთე ფილიალს საბურთალოს “სითი მოლის“ სავაჭრო ცენტრში ხსნიდა. ვატოც იქ მიიპატიჟეს, შემდეგ კი ფილიალის გახსნის აღსანიშნავ პატარა, სულ რამდენიმე კაცისგან შემდგარ წვეულებაზე ამოყო თავი.

ის იხსენებს, რამდენად უჩვეულო და, ამავე დროს, სასიამოვნო სიურპრიზი იყო იმის აღმოჩენა, რომ უეცრად არაფორმალურ გასაუბრებაზე აღმოჩნდა ერთ-ერთ კაფეში.

“ზუსტად 2 საათში იდეალური თიმბილდინგი შედგა“, იხსენებს ვატო.

კარიერული ზრდის ეტაპები გრანდ ელექტრონიქსში“

ტექნიკის სფერო ინოვაციურია, აქ ყოველთვის არის სიახლეები. ბაზარზე მუდმივად შემოდის გაუმჯობესებული, დახვეწილი პროდუქტი. შესაბამისად, თითოეული თანამშრომელი ინფორმირებული და დატრენინგებული უნდა იყოს ამ მხრივ. ადამიანები აქ სტანდარტულად, სტაჟირების ეტაპით იწყებენ შემდეგ კი კონსულტანტის, კოორდინატორისა და მენეჯერის პოზიციებზე ინაცვლებენ; დროთა განმავლობაში შესყიდვებში ან სხვა, საშუალო და მაღალი რგოლის საფეხურებზე გადადიან.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანია დასაქმების ვებგვერდებთან ერთად რეკრუტინგისთვის LinkedIn-საც აქტიურად იყენებს. ვატოც სწორედ საქმიანი სოციალური ქსელიდან შეძენილი კადრია.

“საქართველოში, რატომღაც, ისეთი ტენდენციაა დამკვიდრებული, რომ დაბალი რგოლის კადრებს LinkedIn-ზე არ ეძებენ, ჩვენთან კი პირიქით, თითოეულ თანამშრომელს ვთხოვთ, რომ ჰქონდეთ მოწესრიგებული რეზიუმე და პირადი პროფილის გვერდი LinkedIn-ზე“, აღნიშნავს თინა.

“აქაური ტრენინგები არ იწყება პირდაპირ პროდუქტის გაცნობით“, გვიხსნის ვატო უგულავა. “ვფიქრობთ, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა, პირველ რიგში, უნდა გაიგონ, თუ სად მოხვდნენ და რა შესაძლებლობები აქვთ“.

კომპანიის სტრუქტურის, კულტურისა და მიდგომების გაცნობა; ტრენინგები ლიდერობის, ფსიქოლოგიის, გაყიდვების, სერვის პლუსის კუთხით, ბოლოს კი პროდუქტების გაცნობა – ტრენინგები ამ თანმიმდევრობით როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურადაც ტარდება და ყველა საფეხურის წარმატებით გავლის შემდეგ თანამშრომელი სერთიფიკატსაც იღებს.

ამა თუ იმ კონსულტანტის დაწინაურების საკითხი კომპანიაში რეგულარულად განიხილება. ”თუმცა იქამდე ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ რა სურს დაწინაურების კანდიდატს, რა მიმართულებით ხედავს საკუთარ თავს“, ამბობს ვატო.

აღსანიშნავია, რომ ტრენერი და ქოუჩი ამ მიმართულებით მარტო არ მუშაობს. თითოეულ ფილიალში ნებისმიერ კონსულტანტს აქვს შანსი პარტნიორ-ტრენერი გახდეს და არსებულ და მომავალ კონსულტანტებს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტაროს.

იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის განუწყვეტელი, ორმხრივი პროცესი

“როგორ ხდება ნდობის მოპოვება? სრულიად უბრალოდ“ ამბობს თინა. “ყველას გვსიამოვნებს, როცა უფროსი, ჩვენი ხელმძღვანელი აზრს გვეკითხება და ვხვდებით, რომ მას ჩვენი პოზიცია გულწრფელად აინტერესებს და რომ ჩვენ მნიშვნელოვანები ვართ. და როცა ხედავ, რომ შენი იდეა არა მხოლოდ მოისმინეს, არამედ განხორციელდა კიდეც, რწმუნდები, რომ ერთმანეთის ნდობა შესაძლებელია“, აღნიშნავს ის.

          

“გრანდელების“ განვითარების ახალი ეტაპები და გამოწვევები

ციფრული ოთახი და ტრენინგ-ცენტრი – ეს ის ამბიციური გეგმებია, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. როგორც “გრანდში“ ამბობენ, მათი თითოეული თანამშრომელი მომავალი მენეჯერი, ლიდერი უნდა იყოს.

“ჩვენი მოტივაცია ისაა, რომ გვინდა, თითოეულმა ჩვენგანმა თავისი ხელწერა დატოვოს აქ“, აღნიშნავს ვატო.

ციფრული ოთახი კი, რომელიც სწორედ ახლა, ამ წუთებშიც ეწყობა, თავიდან ბოლომდე ინოვაციური ტექნოლოგიებით აღიჭურვება. სწორედ აქ გაივლის თითოეული თანამშრომელი აუცილებელ ტრენინგებს და შეიძენს უნარ-ჩვევებს, რომლებიც „გრანდ ელექტრონიქსში“ მუშაობის დასაწყებად არის საჭირო.

          

რაც ყველაზე მთავარია, აქ მუშაობა ახალბედა კადრებსაც შეუძლიათ. თინას თქმით, ”გრანდ ელექტრონიქსში“ იმ კანდიდატსაც კი, რომელიც გასაუბრებაზე მაღალი პოზიციის დასაკავებლად არის მოსული, არ აქვს გამოცდილება, მაგრამ განვითარებაზეა ორიენტირებული, ზუსტად იგივე შანსები აქვს, როგორიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *