ლუდის მოხარშვის ტრადიცია ათასწლოვანი კულტურაა. ადამიანები ამ ალკოჰოლურ სასმელს მთელი მსოფლიოს გარშემო ათასობით წლებია მიირთმევენ. ამიტომაა, რომ ლუდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია. მისი გემოვნური თვისებების ამგვარმა პოპულარობამ ისიც კი განაპირობა, რომ მხოლოდ გემოს მოყვარულთათვის მთელ რიგ სახელმწიფოებში მისი უალკოჰოლო ვერსიის წარმოებაც დაიწყეს.
უკანასკნელი მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოში ლუდის მოხმარებამ 177 მილიონ კილოლიტრს გადააჭარბა. ცნობისათვის 1 კილოლიტრი 1,000 ლიტრის აღმნიშვნელი საზომი ერთეულია. მიუხედავად იმისა, რომ ლუდი თითქმის ყველა ქვეყანაში თანაბრად პოპულარულ სასმელს წარმოადგენს, მაინც არსებობენ ქვეყნები, სადაც ლუდს სხვებზე უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარენ. ამ სტატიაში სწორედ ასეთი ქვეყნების რეიტინგს შემოგთავაზებთ.
სტატიაში მოყვანილი მონაცემები იაპონურ კომპანია Kirin Holdings-ის უახლეს კვლევას ეფუძნება. ცნობისათვის, კომპანია მსოფლიოში ლუდის მოხმარების ტენდენციას 1975 წლიდან აკვირდება.
მონაცემების თანახმად, როდესაც საქმე ლუდის მოხმარებას ეხება, რეიტინგში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს. 2020 წელს ქვეყანაში ლუდის მოხმარებამ 36 მილიონი კილოლიტრი შეადგინა. ამ რაოდენობის ლუდი 14,000 ოლიმპიურ აუზს გაავსებდა. პროცენტულად, ქვეყანაზე გლობალური მოხმარების 20% მოდის, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ არქეოლოგიური გათხრების თანახმად, ჩინეთს ლუდის წარმოების ათასეულობით წლოვანი ისტორია აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს, ეს ლუდის მოხმარების რეკორდული მაჩვენებლის ფაქტორს არ წარმოადგენს. შედარებისათვის, ინდოეთი, რომელიც მეორე ყველაზე მრავალრიცხოვანი სახელმწიფოა, ლუდის გლობალურად მოხმარების მხოლოდ 1%-ზეა პასუხისმგებელი. რეიტინგში კი 23-ე ადგილს იკავებს.
2020 წლის მაჩვენებლებით, 24 მილიონი კილოლიტრი ლუდის მოხმარებით რეიტინგის მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. თუმცა, საინტერესოა, რომ ამერიკელები ლუდს დიდი რაოდენობით არა მხოლოდ მოიხმარენ, არამედ აწარმოებენ კიდეც. აშშ ლუდის წარმოების რეიტინგშიც ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება მოხმარებას, ამერიკელები მთლიანი წილის 13.6%-ს მიირთმევენ.
ალკოჰოლის მოხმარებით ცნობილი რუსეთი რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. როგორც ჩანს, რუსეთში ლუდი არაყის მსგავსი პოპულარულობით არ სარგებლობს. აქ 2020 წლის მონაცემებით 8,646 მილიონი კილოლიტრი ლუდი მოიხმარეს.
ლუდის მოხმარების რეიტინგში აღნიშნული სახელმწიფოების გარდა ტოპ-10-ში ბრაზილია, მექსიკა, გერმანია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ვიეტნამი და ესპანეთი იმყოფებიან.
Kirin Holdings-ი საკუთარ კვლევაში კიდევ ერთ ძალიან საინტერესო რეიტინგს გვთავაზობს. ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარების მაჩვენებელი ჩვენ მიერ ზემოთ შემოთავაზებულ რეიტინგს სრულიად ცვლის და ათეულში ლუდის ტრადიციების მქონე ქვეყნები შემოჰყავს. სამართლიანობისთვის, უნდა ითქვას, რომ ერის მიერ ლუდის სიყვარულს ეს მაჩვენებელი უფრო მკაფიოდ ასახავს.
ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარებით რეიტინგში პირველ ადგილს ჩეხეთი იკავებს. საშუალო სტატისტიკური ჩეხი 2020 წელს, წლის განმავლობაში საშუალოდ 181 ლიტრ ლუდს მოიხმარდა. მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით და ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში 96.8 ლიტრი ლუდით ავსტრია იმყოფება. საინტერესოა, რომ სამეულში არ გვხვდება გერმანია. ის ერთ სულ მოსახლეზე 92.4 ლიტრი ლუდით მეხუთე ადგილს იკავებს. მესამე და მეოთხე ადგილებზე კი პოლონეთი და რუმინეთი იმყოფებიან. საერთო მოხმარებით პირველადგილოსანი ჩინეთი კი, ამ შემთხვევაში ტოპ-25-შიც არ შედის.