რომელი სახელმწიფოები გამოიმუშავებენ ყველაზე მეტ მზის ენერგიას?

რომელი სახელმწიფოები გამოიმუშავებენ ყველაზე მეტ მზის ენერგიას?

2023 წლის მონაცემებით, განახლებადი ენერგიის წყაროებით გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის ¾ მზის ენერგიაზე მოდის. მზის ენერგია ყველაზე უკეთ ევროპაში, აზიასა და შეერთებულ შტატებშია ათვისებული. ზრდის ტენდენციაც სწორედ ამ რეგიონებში შეინიშნება. წარმოგიდგენთ იმ სახელმწიფოების რეიტინგს, რომლებიც ყველაზე მეტ მზის ენერგიას გამოიმუშავებენ. მონაცემები კვლევითი ფირმის, Bruegel-ის მაჩვენებლებს ეფუძნება და 2010-2022 წლების სტატისტიკას აანალიზებს.

2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ელექტროენერგია მზისგან ჩინეთმა გამოიმუშავა. წარმოებულმა ელექტროენერგიამ 393 გიგავატი შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ჯამურ წარმოებას, რომელიც 205.5 გიგავატს შეადგენს. ამავე პერიოდში აშშ-ში მზის ენერგიისაგან 113 გიგავატი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, შესაბამისად, შტატები მზის ენერგიის მწარმოებელი მეორე ყველაზე მსხვილი სახელმწიფო გამოდის.

ჩინეთი გლობალურ ბაზარზე 2017 წლიდან დომინირებს. 2016 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საერთო სიმძლავრე 91.5 გიგავატს შეადგენდა და ჯამურად ჩინეთის მაჩვენებელს აჭარბებდა (77.8 გიგავატი).

მზის ენერგიის გამოყენების ინდუსტრიაში ჩინეთი აშშ-ზე 2013 წლიდან დომინირებს. 2013 წლამდე კი აშშ-ში გამომუშავებული მზის ენერგია ჩინეთის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებდა.

2017 წლის შემდეგ ჩინეთის წლიური ზრდის მაჩვენებელი 25%-ს, აშშ-ის 21%-ს, ევროკავშირისა კი – 16%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი მხოლოდ გამომუშავებაში არ არის დომინანტი. ჩინეთი ასევე ლიდერობს მზის ენერგიის გამომუშავების კომპონენტების წარმოებაშიც და ის მსოფლიო მიწოდების ჯაჭვის 80%-ს აკონტროლებს.

2022 წელს ჩინეთის მზის ენერგიის ინდუსტრიაში 2.76 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული. შედარებისათვის, ამავე ინდუსტრიაში ევროკავშირში დასაქმებულთა რიცხვი – 648,000-ს, ხოლო აშშ-ში 264,000-ს შეადგენს.

წელიჩინეთიEU27აშშ
2022393.0205.5113.0
2021307.0162.795.4
2020254.0136.976.4
2019205.0120.161.6
2018175.3104.052.0
2017130.896.243.8
201677.891.535.4
201543.687.724.2
201428.483.618.1
201317.879.713.3
20126.771.18.6
20113.153.35.6
20101.030.63.4

*მონაცემები მოცემულია გიგავატში (GW).