თითქმის 300 წლის განმავლობაში არასწორად იდენტიფიცირებული ხელოვნების ნიმუში, რომელიც საბოლოოდ, რენტგენის ანალიზის დახმარებით, ბაროკოს სტილის წარმომადგენელ მხატვარს, პეტერ პაულ რუბენსს მიაკუთვნეს, შესაძლოა, აუქციონზე 7.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდოს. ხელოვნების ნიმუშის გაყიდვას Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი მომავალ თვეში შეეცდება.
ფლამანდიელმა მხატვარმა “Saint Sebastian Tended by Two Angels”-ზე მუშაობა 400 წელზე მეტი ხნის წინ დაასრულა. ფერწერულ ტილოზე რომაელი ჯარისკაცი, სებასტიანია ასახული, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევის გამო, იმპერატორის ბრძანებით ჯარისკაცებმა ისრებით სასიკვდილოდ დაჭრეს, თუმცა ანგელოზებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს.
ვარაუდობენ, რომ ხელოვნების ნიმუში რუბენსმა იტალიელი დიდგვაროვნისა და სამხედრო მეთაურის, ამბროჯიო სპინოლას დაკვეთით შექმნა. მისი დახატვის თარიღად და ადგილად ორ ვერსიას ასახელებენ. ერთის მიხედვით, მხატვარმა ნამუშევარი 1606-1608 წლებში იტალიაში შექმნა, მეორეს მიხედვით კი დაახლოებით 1609-1610 წლებში ანტვერპენში, როდესაც რუბენსი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.
ისტორიული ჩანაწერებიდან ნახატის კვალი 1730-იან წლებში ქრება. დიდი ხნის შემდეგ კი, 1963 წელს, მისურის შტატში ჩნდება. 2008 წელს ტილო მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა აუქციონზე შეიძინა, სადაც ის არასწორად იქნა მიკუთვნებული ფრანგი მხატვრის, ლორან დე ლა ირისთვის. საბოლოოდ, ნამუშევრის შესწავლამ აჩვენა, რომ ის პეტერ პაულ რუბენსის მიერაა შესრულებული.
ხელოვნების ნიმუში ლონდონში, Sotheby’s-ის აუქციონზე 5 ივლისს გამოჩნდება. სააუქციონო სახლი რუბენსის ფერწერულ ტილოს 4-დან 6 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე (დაახლოებით 5.1-დან 7.7 მილიონ დოლარამდე) აფასებს.