რუსული ეროვნული ვალუტა, რუბლი, გაუფასურებას განაგრძობს. 1 დოლარის გაცვლითმა კურსმა 101 რუბლი შეადგინა, რაც 17-თვიანი მინიმუმია. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ეკონომიკური მრჩევლის განცხადებით, ამის მიზეზი ცენტრალური ბანკის სუსტი მონეტარული პოლიტიკაა.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსულმა რუბლმა საკუთარი ღირებულების დაახლოებით 25% დაკარგა. ამის მიზეზი კი ძირითადად დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების შედეგად წარმოქმნილი გაუარესებული სავაჭრო ბალანსი და გაზრდილი სამხედრო დანახარჯებია. მხოლოდ წელს მისი ღირებულება 30%-ითაა შემცირებული.
პუტინის ეკონომიკური მრჩევლის, მაქსიმ ორეშკინის განცხადებით, ცენტრალური ბანკი უნდა დარწმუნდეს, რომ ბანკების მიერ სესხების გაცემის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულამდე დაეცემა, საპროცენტო განაკვეთი კი გაიზრდება. წელს ინფლაციის მთავარ მიზეზად კრემლი სესხების გაცემის მაღალ მაჩვენებელს, სამუშაო ძალის დეფიციტსა და ბიუჯეტის დეფიციტს ასახელებს. პუტინის ახლო გარემოცვის განცხადებებით, ცენტრალურ ბანკს აღნიშნული სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა ბერკეტი გააჩნია.
შეგახსენებთ, რუსეთის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილებას 15 სექტემბერს გამოაცხადებს.