რუსეთი, რომელიც ოქროს ყველაზე მსხვილი შემსყიდველი იყო, ახლა შესყიდვებს წყვეტს

რუსეთი, რომელიც ოქროს ყველაზე მსხვილი შემსყიდველი იყო, ახლა შესყიდვებს წყვეტს

რუსეთი, რომელიც ოქროს ყველაზე მსხვილი შემსყიდველი იყო მსოფლიოში, ახლა შესყიდვებს წყვეტს. Bloomberg-ის ინფორმაციით,  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ 1 აპრილიდან აღარ იყიდის ოქროს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია ამ გადაწყვეტილების მიზეზი. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ რუსეთს უკვე აქვს რეზერვების დიდი რაოდენობა და შესაძლოა, მეტი აღარ უნდოდეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასები შვიდწლიან უმაღლეს ნიშნულზეა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი ოქროს ზოდები განსაკუთრებით პოპულარული გახდა ინვესტირების კუთხით.

“გლობალური მოთხოვნა როგორც ჩანს მაღალია“, – განაცხადა დიმიტრი დოლგინმა, რომელიც ING Bank-ის მთავარი ეკონომისტია რუსეთში.

ორშაბათის მონაცემებით, ოქროს ფასი უნციაზე $1,622 იყო ლონდონში.

მოსკოვის Lanta Bank-ის წარმომადგენლის ედუარდ რიბკინის განცხადებით, მოთხოვნა ძირითადად ლონდონიდან არის, თუმცა, ასევე ამ მხრივ გამოირჩევა ინდოეთი, თურქეთი და სინგაპურიც.

აღსანიშნავია, რომ ოქრო რუსული საერთაშორისო რეზერვების 20%-ს მოიცავს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია თუ შევადარებთ მას სხვა ცენტრალურ ბანკებს.

რუსეთის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ ოქროს შესყიდვებთან დაკაშირებით სამომავლოდ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ფინანსურ ბაზრებზე.

2019 წლის სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოს ათ ქვეყანას შორის, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის ოქროს რეზერვები აქვთ, რუსეთი მეხუთე ადგილზეა. მას 2 219 ტონა ოქრო აქვს რეზერვების სახით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სრული რეიტინგი ასეთია:

  1. აშშ – 8 134 ტონა ოქრო – მთლიანი რეზერვების 76% მოდის ოქროზე;
  2. გერმანია – 3 367 ტონა ოქრო – რეზერვების 72%;
  3. იტალია – 2 452 ტონა ოქრო – რეზერვების 67%;
  4. საფრანგეთი – 2 436 ტონა ოქრო – რეზერვების 61%;
  5. რუსეთი – 2 219 ტონა ოქრო – რეზერვების 20%;
  6. ჩინეთი – 1 937 ტონა – რეზერვების 3%;
  7. შვეიცარია 1040 ტონა – რეზერვების 6%;
  8. იაპონია – 765 ტონა – რეზერვების 3%;
  9. ინდოეთი – 618 ტონა – რეზერვების 7%;
  10. ნიდერლანდები – 613 ტონა – რეზერვების 68%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *