„შეუერთდი რუსეთის არმიას და მიიღე 495,000 რუსული რუბლი ($5,300) დაუყოვნებლივ“ – მსგავსი შინაარსის რეკლამები რუსულ არმიაში რეკრუტირების შესახებ ყაზახი ინტერნეტმომხმარებლების ეკრანებზე გამოჩნდა. პოსტსაბჭოთა ყაზახეთი, სადაც 3 მილიონამდე ეთნიკურად რუსი ცხოვრობს და რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება, ისტორიულად მის მოკავშირე სახელმწიფოს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რეკრუტირების სამიზნედ ამჯერად ის აირჩია.
ყაზახეთში ზემოთ აღნიშნული შინაარსის მქონე რეკლამები ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ინტერნეტში რუსული და ყაზახური დროშების ფონზე გაკეთებული წარწერები „მხარი მხარზე“ ჩნდება და რუსულ არმიაში გაწევრიანების მსურველებს ერთიანი წინასწარი გადახდის სახით $5,300 დოლარს სთავაზობს. რუსეთის არმიასთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ყაზახ რეკრუტერებს ყოველთვიურად $2,000-მდე ხელფასს და სხვა სახის „ბენეფიტებს“ ჰპირდებიან.
რეკლამაზე მანიშნებლის დაჭერის შემთხვევაში ვებგვერდზე გადამისამართდები, სადაც აღნიშნულია, რომ პოტენციურ რეკრუტებს შანსი აქვთ „იმსახურონ“ რუსეთის არმიაში სახალინის რეგიონში, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის დანაყოფებში. ვებგვერდის მფლობელად „სახალინის რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარების სააგენტოა“ დარეგისტრირებული, რომელიც ადგილობრივი მთავრობის ორგანიზაცია გახლავთ.
ცნობისთვის, ყაზახური კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ შეიარაღებულ კონფლიქტებში ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობის მიღება აკრძალულია. ყაზახეთის ინფორმაციისა და სოციალური განვითარების სამინისტრო გავრცელებული რეკლამის შესახებ განცხადებას ჯერჯერობით არ ავრცელებს.