საგადახდო ბარათების სტატისტიკა საქართველოში

საგადახდო ბარათების სტატისტიკა საქართველოში

II კვარტლის მდგომარეობით საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობამ 9.3 მილიონი შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით გამოშვებული ბარათების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-ით.  გამოშვებულ ბარათებში საკრედიტო ბარათების წილი 7%-ია.

გამოშვებული ბარათებიდან 44% MasterCard-ს უკავია, შემდგომ მოდის VISA 31%-ით და Local 18%-ით, UPI-ის წილი საბარათე სისტემებში 6%-ია, ხოლო AmEx-ის 1%.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის II კვარტალში ქართული საგადახდო ბარათებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 44.2 მლნ ოპერაცია, რაც თანხობრივად 4.6 მილიარდი ლარია. აქედან ოპერაციების რაოდენობის 96% და თანხის 93% შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 4% და 7% ქვეყნის გარეთ.

სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილმა სულ შესრულებულ ტრანზაქციებში შეადგინა 65%, ხოლო თანხის წილმა 22%.

სულ ქართული საგადახდო ბარათებით შესრულებული ტრანზაქციები გაიზარდა 17%-ით რაოდენობრივად და 14%-ით თანხობრივად, წინა I კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. 2016 წლის II კვარტალთან შედარებით ქართული საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციები გაიზარდა 30%-ით რაოდენობრივად და 21%-ით თანხობრივად. მათგან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 47% და თანხა 44%-ით. ნაღდი ფულის გატანის ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით და თანხა 16%-ით.

2017 წლის II კვარტალში საქართველოში გამოშვებული ბარათებით ქვეყნის შიგნით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში არსებული პოს–ტერმინალებით (ვირტუალური ტერმინალების ჩათვლით) განხორციელდა 27.1 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 747 მილიონი ლარი. შესრულებული ოპერაციების რაოდენობის აღნიშნული მაჩვენებელი 19%-ით, ხოლო თანხის 10%-ით მეტია წინა (პირველი) კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებზე.

2017 წლის II კვარტალში ქართული ბარათებით ქვეყნის შიგნით განხორციელდა 15.3 მლნ ნაღდი ფულის გატანის ოპერაცია, რაც თანხობრივად 3.5 მილიარდი ლარია. აღნიშნული მაჩვენებელი 14%-ით მეტია წინა (პირველი) კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებზე როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.