Visa, მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში, უერთდება გრეის ჰოპერის დაჯილდოების პროგრამას საქართველოში, რომელიც დაარსდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ, თიბისი ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით.
Visa-ს ჩართულობა პროექტში მხარდამჭერი ორგანიზაციის რანგში, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მხარი დაუჭიროს ქალთა გაძლიერებას, ინოვაციებსა და ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების ფორმირებას. ქალთა როლის წარმოჩენა და მისი გაძლიერება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული სტერეოტიპების მსხვრევისა და იმ გამოწვევების დაძლევის თვალსაზრისით, რომელთა წინაშეც ქალები დგანან. Visa-ს სჯერა, რომ საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა თანამედროვე ეკონომიკური წინსვლისთვის, რადგან ინოვაციური ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ გაციფრულების დანერგვასა და მის მზარდ მოთხოვნაზე.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია წარმოვაჩინოთ და მხარი დავუჭიროთ იმ ქალებს, რომლებიც გამოწვევების წინაშე დგანან. ამდენად, ჩვენ მზად ვართ მივცეთ თანაბარი შესაძლებლობები ყველას მათი პროფესიული კომპეტენციებიდან და ლიდერული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ კატეგორიას – ICT ჩემპიონი და მე მჯერა, რომ გამარჯვებული აუცილებლად მიიღებს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას, განსაკუთრებულ ჯილდოს და გახდება ჩვენი დიდი ქსელის წევრი.“- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
დაჯილდოება ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროგრამისტი ქალის – გრეის ჰოპერის სახელს ატარებს, რომლის მემკვიდრეობაც ბევრს კვლავ შთააგონებს. პროექტი წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ქალებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში და ისწრაფვიან პოზიტიური ცვლილებებისკენ. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, UTG და Majorel Georgia.
განაცხადის შესავსებად ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.ictwomen.ge განაცხადები მიიღება 8 აპრილიდან 8 მაისამდე, 30 მაისს გახდება ცნობილი ჯილდოს ფინალისტების ვინაობა და 10 ივნისს გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.