სალვადორის პრეზიდენტის გეგმით, ქვეყანაში ბიტკოინი გადახდის კანონიერი საშუალება გახდება

სალვადორის პრეზიდენტის გეგმით, ქვეყანაში ბიტკოინი გადახდის კანონიერი საშუალება გახდება

სალვადორის პრეზიდენტი, ნაიბ ბუკელე გეგმავს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ახალი ინიციატივა წარუდგინოს და სალვადორი აქციოს მსოფლიოში პირველ სახელმწიფოდ, სადაც ბიტკოინი გადახდის კანონიერი საშუალება იქნება. აღნიშნული გეგმა საზოგადოებას ბუკელემ მაიამიში გამართულ კონფერენციაზე „Bitcoin 2021“ ვიდეოჩართვისას გააცნო.

„მოკლევადიან პერიოდში, ეს [ინიციატივა] დაგვეხმარება შევქმნათ სამუშაო ადგილები და უზრუნველვყოთ ფორმალურ ეკონომიკას მიღმა მყოფი ადამიანების ფინანსური ჩართულობა“ – განაცხადა პრეზიდენტმა გეგმაზე საუბრისას.

ბუკელეს განცხადებით, ქვეყანა ამ მიმართულებით კომპანიას „Strike“-თან ითანამშრომლებს. პარტნიორობის ფარგლებში, ბიტკოინის ტექნოლოგიის გამოყენებით, ისინი თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავენ.

სალვადორის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ ბუკელეს პარტია „ახალი იდეები“ უმრავლესობას ფლობს, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდება და სალვადორი გახდება პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც ბიტკოინი, აშშ დოლართან ერთად, გადახდის კანონიერი საშუალება იქნება.

ცნობისთვის, სალვადორი ნაღდი ფულის ეკონომიკაა, სადაც მოქალაქეების უმრავლესობას საბანკო ანგარიში ან საკრედიტო ბარათი საერთოდაც არ აქვს. ამასთან, უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მოცულობა ქვეყნის მშპ-ის 20%-ს უტოლდება. არსებული სიტუაციის ტრანსფორმაციისთვის ქვეყნის ხელისუფლებასა და მის პარტნიორ ბიტკოინ-კომპანიებს დიდი შრომის გაწევა მოუწევთ. CNBC-ის ცნობით, ახალი საფინანსო ეკოსისტემის განვითარებისთვის სალვადორის ხელისუფლებამ უკვე შემოიკრიბა ბიტკოინის სფეროს ლიდერები.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.