სამართალდამცავი კომპიუტერული პროგრამა

სამართალდამცავი კომპიუტერული პროგრამა

PredPol-მა მიწისძვრის წინასწარმეტყველების მოდელისა და პოლიციაში წლობით დაგროვილი მონაცემების გაერთიანებით შექმნა რუკა, რომელიც მოსალოდნელი დანაშაულის მდებარეობას აჩვენებს.

ყოველდღე, ორჯერ ან სამჯერ, აშშ-ის 60-მდე ქალაქში ათასობით პოლიციელი, თავიანთი ცვლის დასაწყისში მოწყობისთვის იკრიბება. მათ ურიგებენ პერსონალიზებულ რუკებს და ავალებენ, ზარებს შორის, პატარა, დაახლოებით ნახევარი კვარტალის ზომის წითელ მართკუთხედებს ეწვიონ. ეს რუკები პოლიციის განყოფილებების ანალიტიკოსებს არ დაუმზადებიათ. ისინი “პოლიციური პროგნოზირების” კომპიუტერული პროგრამის, PredPol-ის შექმნილია. პროგრამა კრიმინალის შესახებ ისტორიულ მონაცემებს სპეციალურ ალგორითმს აწვდის, და შედეგის სახით 10-20 ადგილს აბრუნებს, სადაც მომდევნო ცვლის განმავლობაში დანაშაულის ალბათობა ყველაზე დიდია. PredPol-ის მტკიცებით, თუ პატრულის ოფიცრები მონიშნულ მართკუთხედებში თავიანთი ცვლის დროის 5-15%-ს მაინც გაატარებენ, ისინი მეტ დანაშაულს აღკვეთენ, ვიდრე ამას საკუთარი ცოდნის გამოყენებით შეძლებდნენ.

პოლიციის განყოფილებები წელიწადში დაახლოებით $10,000-დან $150,000-მდე ხარჯავენ, რომ ამ წითელი მართკუთხედების წვდომა მიიღონ, რადგანაც სმენიათ, რომ სხვა განყოფილებებმა ამ გზით დანაშაულის შემცირების ორნიშნა მაჩვენებლებს მიაღწიეს. რთულია იმის ზუსტად დაგენა, თუ რამდენად არის დანაშაულის აღკვეთა PredPol-ის დამსახურება, რადგანაც დანაშაულის დონე მერყეობს. პროგრამის “შავ ყუთში” დამალული ალგორითმის დეტალების გარკვევაც შეუძლებელია, თუმცა ბიუჯეტზე მიმაგრებულ პოლიციის უფროსებს ეს არ აღელვებთ. სანტა- კრუზში, პროგრამის გამოყენების პირველ წელს, ქურდობის რაოდენობამ 11%-ით იკლო, ძარცვის – 27%-ით. “მე ფორმულები დიდად არ მაღელვებს, – ამბობს ატლანტის პოლიციის უფროსი ჯორჯ ტიორნერი, რომელმაც პროგრამა 2013 წლის ივლისში დანერგა. – ეს არაა ჩემი საქმე. ჩემი საქმე ქალაქში დანაშაულთან ბრძოლაა”.

პოლიციური პროგნოზირება ცხელი თემაა: 2012-ში, პოლიციის თითქმის 200 სააგენტოს შორის 70%-მა განაცხადა, რომ შემდეგი ორი-ხუთი წლის განმავლობაში პოლიციური პროგნოზირების ტექნოლოგიის დანერგვას ან მისი გამოყენების ზრდას გეგმავდნენ. ამ სფეროში IBM-მაც, Palantir-მაც და Motorola-მაც მოსინჯეს ძალები, მაგრამ PredPol-ი – სამი წლის წინ სანტა-კრუზში, კალიფორნიაში დაარსებული სტარტაპი – ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც პოლიციურ პროგნოზირებაზეა სპეციალიზებული. კომპანიამ ვენჩურული დაფინანსების სახით $3.7 მილიონი მოიზიდა და ერთი წლის წინ ახალი აღმასრულებელი დირექტორი – ლარი სემიუელსი დაიქირავა, რომელიც მანამდე Atari-სა და Creative Labs-ში მუშაობდა. სემიუელსი ელის, რომ 2015 PredPol-ის “გარღვევის წელი” იქნება, და კომპანია $5-6 მილიონიან მოგებას ნახავს. თანაც, თუ კომპანიამ რომელიმე “დიდი თევზი” დაიჭირა, ამ თანხის გასამმაგების იმედი აქვს.

იმ ქალაქებიდან, რომელთა 60-მდე განყოფილებაში PredPol-ი გამოიყენება, უდიდესი ლოს-ანჯელესი და ატლანტაა, მაგრამ სემიუელსი მეტს უმიზნებს. “ჩემი მიზანია, 2015-ის ბოლოსთვის ამას ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი მეტროპოლისების უმრავლესობა იყენებდეს – ამბობს იგი. – ბაზარი ამისთვის მზადაა”.

საზოგადოება შესაძლოა ნაკლებად მზად იყოს, თუ გავითვალისწინებთ პოლიციასთან ბოლო დროს ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს. PredPol-ს უწევს ხალხის ინფორმირება, თუ რას არ ნიშნავს პროგრამის გამოყენება. ეს არაა Minority Report-ის (2002 წლის საი-ფაი ფილმი) სცენარი, სადაც პოლიცია ნათელმხილველთა წინასწარმეტყველებების საფუძველზე კონკრეტულ კრიმინალებს იღებს მიზანში. პროგრამა ადგილმდებარეობაზე ფოკუსირდება – დროის, დანაშაულის ტიპისა და სხვა მონაცემების გამოყენებით ადგენს შესაბამის კანონზომიერებებს. ახალგაზრდა პოლიციელებისთვის ეს ნიშნავს უფრო სწრაფ ინფორმირებას იმ ქუჩების შესახებ, რომლებიც მათ უნდა დაიცვან. “ჩვენ ძალიან ახალგაზრდა განყოფილება გვაქვს და ამიტომ სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ იმას, თუ რაზე დავხარჯოთ დრო”, – ამბობს მოდესტოს პოლიციის კაპიტანი რიკ არმენდარიზი.

კანონდამცველები მონაცემების გამოყენებას შემოქმედებითად ეკიდებიან. გარკვეული დროის მანძილზე, ლოს- ანჯელესის ერთ-ერთი განყოფილება ყოველდღე ტვიტერით ავრცელებდა ინფორმაციას ცხელი წერტილების ადგილმდებარეობის შესახებ, რათა მოქალაქეები ამ ადგილებში ყურადღებით მოქცეულიყვნენ. მოდესტოში ყოველდღე PredPol-ის ერთ წითელ მართკუთხედს ირჩევენ, რომ იქ თავისი “ჯავშნოსანი” – ოთხი ლაივკამერით აღჭურვილი დაჯავშნული სატვირთო მანქანა დააყენონ.

PredPol-ის ალგორითმი 2000-იანების ბოლოს დაიბადა, როდესაც ჯეფ ბრენტინგემი და კომპანიის თანადამაარსებელი ჯორჯ მოლერი UCLA-ში (კალიფორნიის ლოს- ანჯელესის უნივერსიტეტი) მუშაობისას დიდ მონაცემთა კრებულებს აანალიზებდნენ. მათ დაინახეს, რომ კრიმინალური აქტივობა და სეისმური აქტივობა მოულოდნელად მსგავს რეგულარულ კანონზომიერებას ამჟღავნებს. ყოველი ახალი მოვლენა – მიწისძვრა თუ დანაშაული – შესაძლოა ორი მიზეზიდან ერთ-ერთს დავუკავშიროთ: ფიქსირებულ ფაქტორს (როგორიცაა სეისმურად აქტიური ზონა ან ხმაურიანი ბარი) ან ცვლად ფაქტორს (როგორიცაა სხვაგან მომხდარი მიწისძვრის ბიძგები, ან ბანდის წევრების სროლა, რომელიც უბანში საპასუხო სროლას იწვევს). ყოველი ფაქტორი შეიძლება დავიყვანოთ ალბათობამდე, რომლითაც ის იწვევს ამა თუ იმ დანაშაულს. მაგალითად, ლონგ-ბიჩში სახლის გაქურდვა მყისიერად ზრდის ერთი მილის რადიუსში ყველა სახლის გაქურდვის რისკს, განსაკუთრებით კი – კარის მეზობლის სახლისას. “ადამიანის ქცევის დიდი ნაწილი შეიძლება აიხსნას ძალიან მარტივი მათემატიკური მოდელებით”, – ამბობს ბრენტინგემი.

PredPol-ი მუღამიანი პროდუქტია, მაგრამ მისი ეფექტიანობა ბოლომდე დასაბუთებული არ არის. ატლანტაში პროგრამა ექვსიდან ორ უბანში დანერგეს, რასაც დანაშაულის რიცხვის შემცირება მოჰყვა, სხვა უბნებში უცვლელი ან ზრდადი კრიმინალის ფონზე. მაგრამ შესაძლოა ამ უბნებში პოლიციელები განსხვავებულად იმიტომ მოქმედებდნენ, რომ ახალი ლამაზი ინსტრუმენტი მიიღეს. ბრენტინგემი იმედოვნებს, რომ PredPol-ის ყველაზე მკაცრად ჩატარებული კვლევა რეფერირებულ ჟურნალში მოხვდება. ეს კვლევა ლოს-ანჯელესში ჩატარდა და მან დაადასტურა, რომ პროგრამამ ორჯერ მეტი დანაშაული იწინასწარმეტყველა, ვიდრე ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ანალიტიკოსებმა. RAND Corp.-ის დამოუკიდებელმა კვლევამ, რომელიც ასევე პოლიციური პროგნოზირების პროგრამის დანერგვას ეხებოდა (ოღონდ არა PredPol-ისას) და შრივპორტში, ლუიზიანაში ჩატარდა, დაადგინა, რომ მას კრიმინალის შემცირებაზე გავლენა არ ჰქონია. ერთ-ერთი მიზეზი ის აღმოჩნდა, რომ პოლიციელებმა პროგრამის გამოყენება პირველი რამდენიმე თვის შემდეგ შეწყვიტეს.

თუ PredPol-ი ნამდვილად ამცირებს დანაშაულს, მაინც რჩება შეკითხვები, თუ როგორი იქნება მისი გამოყენება პრაქტიკაში. ლუიზიანის შტატის კრიმინოლოგი პიტერ შარფი წუხს, რომ წითელი მართკუთხედით მონიშვნამ შესაძლოა ახალგაზრდა პოლიციელებს უბანში ხიფათზე გადაჭარბებული წარმოდგენა შეუქმნას. “შევდივარ მართკუთხედში და ყველა მაიკლ ბრაუნია (ფერგიუსონში პოლიციელთან დაპირისპირებისას მოკლული შავკანიანი ახალგაზრდა)”, – ამბობს შარფი. რათგერსის კრიმინოლოგი ჯოელ კაპლანი ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, პროგნოზირების პროგრამები ადგილმდებარეობის კრიმინალურობის უკან მდგომი პრობლემების მოგვარებისკენ რომ იყოს მიმართული. სხვები წუხან, რომ პოლიციის უფროსები და ქალაქების მთავრობები დიდი მონაცემების ტექნოლოგიებს მათი არსის გააზრების გარეშე მიაწყდებიან. “ძალზე მაცდური იდეაა, რომ შეგიძლია კომპიუტერს აწინასწარმეტყველებინო დანაშაული”, – ამბობს კოლუმბიის ოლქის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ენდრიუ ფერგიუსონი.

ბრენტინგემი აღიარებს ამ გამოწვევებს, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიციელების ინტუიციის იმედი აქვს. “ჩვენ ვეუბნებით ოფიცრებს: ‘თქვენი საქმეა დანაშაულის შესაჩერებლად თქვენი ცოდნის, უნარების, გამოცდილებისა და წვრთნის ყველაზე შესაფერისი გზებით გამოყენება’”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *