სამი ბიზნესი ერთად და ცალ-ცალკე - ირმა დაუშვილი

სამი ბიზნესი ერთად და ცალ-ცალკე - ირმა დაუშვილი

ირმა დაუშვილის სახელს სამი განსხვავებული ბიზნესი უკავშირდება. ყველაფერი ჟალუზებით დაიწყო, ნუნისით გაგრძელდა და ახლა უკვე სამედიცინო მიმართულებაც  – ფიტობალნეოცენტრიც  დაემატა. კიდევ ბევრი იდეა აქვს, რომელთა განხორციელებასაც თანამიმდევრულად და ეტაპობრივად აპირებს. მისი ბიზნესსაქმიანობის ერთ-ერთ მთავარ აქცენტს კი რეგიონებში გაფართოება წარმოადგენს – ის „ნუნისის ტყის სასტუმროს“ თანამდაფუძნებელია. სწორედ აღნიშნული სასტუმრო გახდა რეგიონის განვითარებაში განსაკუთრებული როლის შესრულებისთვის თიბისის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული. Forbes Georgia  ირმა დაუშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

ქალბატონო ირმა, ბიზნესსაქმიანობა ჟალუზებით დაიწყეთ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში. საიდან გაჩნდა ეს იდეა?

ჩემი მოხვედრა ბიზნესში ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ჩვენი თაობა სულ სხვა ეკონომიკურ-პოლიტიკურ სოციუმში გაიზარდა, ჩვენ სხვა განათლება მივიღეთ. ამ განათლების რეალიზაცია კი უკვე  დამოუკიდებელ ქვეყანაში მოგვიწია, სადაც აუცილებელი იყო საკუთარი შესაძლებლობების თავიდან აღმოჩენა. მე პროფესიით მათემატიკოსი ვარ და ჩემი ყველა ოცნება სამეცნიერო მუშაობას უკავშირდებოდა. მათემატიკა დღემდე ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ ის ჩემი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი საფუძველიცაა. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ჩვენი თაობა დილემის წინაშე აღმოჩნდა, როცა ქვეყნის ეკონომიკა სრულად ჩამოიშალა მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. მაშინ დავიწყეთ ბრძოლა გადარჩენისა და არსებობისთვის. მეც დავიწყე საკუთარ თავში იმის ძიება, რის გაკეთებას შევძლებდი.

იმ დროისთვის კერძო ბიზნესის ცნება უცხო იყო, თუმცა ნელ-ნელა მივხვდით, რომ არა მხოლოდ პროფესიით, არამედ საკუთარი ბიზნესსაქმიანობითაც შესაძლებელი იყო შემოსავლის მოპოვება. ჟალუზებამდე ნამცხვრებსაც ვაცხობდი, მოსწავლეებსაც ვამეცადინებდი მათემატიკაში. შემდეგ ჩემი ერთ-ერთი მეგობარი წავიდა უცხოეთში, რომელთანაც ერთხელ საუბრისას დავფიქრდით, ხომ არ იქნებოდა ახალი პროდუქტი – ჟალუზები საქართველოს ბაზრისთვის საინტერესო. 1994 წელი იყო, როდესაც ამ პროდუქტს პირველად „შევეხე“ და დავიწყეთ მისი პოპულარიზაცია. როცა შევატყვე, რომ დღითი დღე იზრდებოდა მოთხოვნა და ინტერესი, 1996 წელს უკვე და-ძმასთან, თამაზ და თამარ დაუშვილებთან ერთად ოფიციალურად დავაარსეთ კომპანია „დიო“, რის შემდეგაც უფრო კლასიკური მეთოდით შევუდექით ბიზნესის მართვას. დავიქირავეთ ოფისი, გვყავდა მენეჯერი და ა.შ. შემდეგ მოვხვდით ჟალუზების გამოფენაზეც და გაჩნდა იდეა, ჟალუზების წარმოება საქართველოშიც დაგვეწყო.

ამ 25 წლის მანძილზე რამდენიმე კრიზისი გადავლახეთ. გამოცდილი გუნდის წყალობით, რომელიც ახლა 200-მდე თანამშრომელს აერთიანებს, ყველა კრიზისის წარმატებით მართვა შევძელით. თითოეული კრიზისით ახალს ვსწავლობდით. წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს.

თქვენ ახსენეთ, რომ თავდაპირველად ჟალუზების პოპულარიზაცია დაიწყეთ. საინტერესოა, როგორ შეძელით იმ პერიოდში მომხმარებლის ჟალუზებით დაინტერესება? რა მიდგომა გამოიყენეთ?

თავიდან რეკომენდაციებისთვის ნაცნობ არქიტექტორებს მივმართავდით და გაჩნდა იდეა, რომ ეს პროდუქტი საელჩოებისთვის შეგვეთავაზებინა, ვინაიდან იმ პერიოდში ქვეყანაში სხვადასხვა საელჩო იხსნებოდა. ვიფიქრეთ, რომ მათთვის ჟალუზების შეთავაზება პერსპექტიული იქნებოდა, ვინაიდან ისინი ამ პროდუქტს უკვე იცნობდნენ. მართლაც, ჩვენს პირველ მომხმარებლებს ძალიან გაუხარდათ, რომ საქართველოშიც იყო შესაძლებელი მათი შეძენა და სიამოვნებით დაგვთანხმდნენ. შემდეგ მიზანმიმართულად ვეძებდით უცხოურ კომპანიებს. იმ პერიოდში დაიწყო ბანკების გახსნა და ისინიც ჩვენი მომხმარებლები გახდნენ. ობიექტებზე პირადად დავდიოდით და პირისპირ ვთავაზობდით მათ ჩვენს პროდუქტს. მაშინ ალბათ გაყიდვების მენეჯერი უფრო ვიყავი. ეს დიდი გამოცდილება იყო.

თავიდან ჟალუზები ძირითადად გერმანია-პოლონეთიდან შემოგვქონდა. დღესაც ისინი არიან ჩვენი ძირითადი მომწოდებლები, თუმცა მათ სხვა ქვეყნებიც დაემატა. ამჟამადაც სხვადასხვა პროდუქციის ნედლეულს კვლავ ევროპის ქვეყნებიდან ვიღებთ და შემდეგ ჩვენს საწარმოებში ვაწარმოებთ.

დღესდღეობით „დიოს“ ხუთი შოურუმი ფილიალი და სამი საწარმო აქვს, სადაც 70-ზე მეტ პროდუქტს აწარმოებთ…

დიახ, ჟალუზების გარდა, ჩვენ დავამატეთ კარ-ფანჯრებისა და ტენტების წარმოებებიც. ქუთაისის საწარმოც გავხსენით, სადაც პერგოლებს ვაწარმოებთ. ზოგადად, ვფიქრობთ, რომ რეგიონებში უფრო მეტად უნდა გავიდეს წარმოებები. ეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხად მიგვაჩნია. თუ გვინდა, რომ რეგიონები განვითარდეს, მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს ინფრასტრუქტურის –   გზების, ინტერნეტის, გაზიფიკაციის – განვითარება.  ეს რომ მოგვარდება, შემდეგ ბიზნესი მოტივირებული იქნება, რეგიონებში გავიდეს. გაფართოება კი ბიზნესის სუნთქვისთვის აუცილებელია. „დიოს“ ქუთაისთან დაკავშირებით კიდევ აქვს გეგმები.

როგორია „დიოს“ განვითარების სტრატეგია?

ვფიქრობთ, რომ ინტერიერის პროდუქტებში ფარდების მიმართულებაც განვავითაროთ. ავტომატიზაციისკენ მიდის ყველა პროცესი და ე.წ. ჭკვიანი სახლები უფრო მეტად პოპულარული ხდება, ამიტომაც გვინდა, ფარდებიც ვაწარმოოთ დისტანციური მართვით. ასევე მინა-პაკეტების წარმოების გაზრდას ვგეგმავთ. გარდა ამისა, მომავალი 5 წლის პერსპექტივაში შესაძლებელია ვიფიქროთ თბილისიდან საწარმოების ახლომდებარე ტერიტორიაზე გატანაზეც. დაბოლოს, ტექსტილის მიმართულების ათვისებასაც ვაპირებთ.

გადავიდეთ თქვენს კიდევ ერთ ბიზნესზე – „ნუნისის ტყის სასტუმროზე“, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს დააარსეთ. როგორ ვითარდება ეს ბიზნესი?

„დიო“ და-ძმასთან ერთად დავაარსე, ეს კურორტი კი ჩემს უახლოეს მეგობართან, მაია ვეზირიშვილთან ერთად შევქმენით. მე და მაია იმდენად ერთნაირი ღირებულებების მატარებელნი ვართ, რომ უკვე 20 წელია, ჰარმონიულად ვთანამშრომლობთ. ნუნისი ჩვენთვის ძალიან სენსიტიური ბიზნესია, ამიტომაც ამ ბიზნესს ამდენი ხანია, შეიძლება ითქვას, „ვინახავთ“. კურორტი ფაქტობრივად ჩვენს დოტაციაზეა: მე „დიოდან“ და  ჩემი პარტნიორიც სხვა ბიზნესებით არის დაკავებული მოსკოვსა და გერმანიაში. თუმცა ერთი რამ ნათელია: ჩვენი იქ შესვლით ამ რეგიონში ბევრი რამ შეიცვალა. მობილური კავშირიც კი არ იყო და ჩვენი დიდი მცდელობით მობილური ოპერატორები შემოვიდნენ. ისევ აახმაურეს დამსვენებლებმა მიდამო. ჩემმა პარტნიორებმა გერმანიიდან მოიწვიეს სტუმრები, რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია ჩავატარეთ და ნუნისი დღითი დღე უფრო პოპულარული და საყვარელი ადგილი ხდება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ ნუნისი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იყო ცნობილი თავისი სამკურნალო წყლებით. ჩვენ მისი ფუნქციონირება აღვადგინეთ და ვცდილობთ, კურორტის პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ.

მე ამ ტერიტორიას ვუწოდებ კუნძულს ტყეში, ვინაიდან სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ საბაგიროთია შესაძლებელი. შენარჩუნებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემო. არ არის დიდი კომპლექსი, მხოლოდ ხუთი კოტეჯი და შვიდი სასტუმრო ნომერია. თუმცა ჩვენ ირგვლივაც გაჩნდა პატარ-პატარა ჰოსტელები. კურორტი კიდევ უფრო განვითარდებოდა, ინფრასტრუქტურა რომ ყოფილიყო მოწესრიგებული – თუნდაც გზა, რომლის გაკეთებასაც 2006 წლიდან გვპირდებიან. ჩვენ კი ჩვენი ძალებით მოვახერხეთ ბევრი რამის მოგვარება, მაგალითად, ავაშენეთ მინი-ჰესი და ა.შ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

გქონიათ მთავრობასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია?

დიახ, რა თქმა უნდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ჩემი ბოლო საუბარი 2020 წლის ბოლოს შედგა, გამოცხადებული ტენდერით გზა უნდა დასრულებულიყო 2021 წლის ნოემბერში, მაგრამ დაწყებულიც კი არ არის თითქმის. თუმცა გვპირდებიან, რომ იქნება. გზა რომ გაკეთებული იყოს, თბილისიდან დაახლოებით 1 საათსა და 50 წუთში ნუნისში შეძლებდით ჩასვლას. ხოლო ინფრასტრუქტურული პრობლემები რომ მოგვარებულიყო, ამ დრომდე კიდევ უფრო განვავითარებდით ჩვენს კურორტს.

თუმცა ნუნისში 120-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის გეგმაზე უკვე მუშაობთ. რა ვადებზე გაქვთ გათვლა? ინვესტიცია რამდენია?

გამომდინარე იქიდან, რომ გზის გაკეთების პერსპექტივა გაჩნდა,  განვითარების გეგმაზე მუშაობა გადავწყვიტეთ.  დასრულების ეტაპზე ვართ, რის შემდეგაც თამამად შევძლებთ, რომ ის ინვესტორებს შევთავაზოთ. გეგმა მოიცავს სამკურნალო და სასტუმრო მიმართულებებს. აშენდა  დასასვენებელი კომპლექსი ყველა იმ თანამედროვე აღჭურვილობით, რაც დღეს ევროპაშია. დამსვენებელი მიიღებს კვალიფიციურ ექიმთა კონსულტაციას და თან კომფორტულ ნომრებში დასვენებას შეძლებს.  საუბარია 4-5 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციაზე. გეგმა მოიცავს ორეტაპიან განვითარებას. კერძოდ, თავიდან ვფიქრობთ 60 ნომრის დამატებას და შემდგომ ეტაპზე კიდევ 60 ნომრის დამატებას. მოვიაზრებთ უკვე ინვესტორებს, რომლებთანაც ვაპირებთ ამაზე საუბარს. აქამდე ეს ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ვინაიდან კურორტი, სადაც არც გზაა, არც ინტერნეტი, ელექტროენერგია და გაზიფიკაცია, იქ ინვესტორი არ მოვა.

ვინ არიან „ნუნისის ტყის სასტუმროს“ ძირითადი ვიზიტორები?

ჩვენთან სეზონი იწყება მაისიდან და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ვიზიტორები ადგილობრივი ტურისტები არიან, თუმცა ყოველ წელს უცხოელი დამსვენებლის რაოდენობაც მატულობდა, განსაკუთრებით – პანდემიამდე. ზოგადად ის, ვინც იცის ნუნისის წყლის სამკურნალო ეფექტი, ყოველთვის ცდილობს ჩამოსვლას. ნუნისის წყალი უნიკალურია ფსორიაზის, ნეიროდერმიტის, ალერგიების, ატოპიური დერმატიტისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ამიტომაც დამსვენებლების დაახლოებით 40% სამკურნალო მიზნით ჩამოდის, დანარჩენი 60% კი, უბრალოდ, დასასვენებლად.

როგორც ვიცი, ახალი ბიზნესიდეებიც გაქვთ?

დიახ, პირველი ბიზნესი ხომ და-ძმასთან ერთად დავიწყე, მეორე მეგობართან ერთად, მესამე ბიზნესი კი მეუღლესთან ერთად ახლახან წამოვიწყეთ. ჩემი მეუღლე ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძეა. მან ბავშვობიდან დაიწყო მცენარეების შესწავლა, მედიკამენტების დამზადება და ეს თავის საქმიანობად აქცია. ის 27 წელია, ფიტოთერაპევტია – ხალხს მკურნალობს.

მივხვდით, რომ მისი საქმიანობა გაფართოებას საჭიროებს, ფიტოპრეპარატებით  მკურნალობა პაციენტებისთვის კი უფრო ეფექტიანი და კომფორტული იქნებოდა, თუ მასთან ერთად კონსულტაციას სხვა დარგის სპეციალისტებიც გაწევდნენ. ასევე ულტრათანამედროვე აპარატურით ჩატარებული ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები ზუსტ დიაგნოსტიკაში დაგვეხმარება.

ფიტოთერაპიის ჩართვის იდეა ბალნეოთერაპიასთან ნუნისის გამოცდილებიდან გაგვიჩნდა. ასევე გაგვიჩნდა აზრი, რომ საბურთალოს ,,დიოს“   ოფისში არსებული უნიკალური თერმული წყალი გამოგვეყენებინა.

ზოგადად საქართველოს ბალნეოტურიზმი ერთ-ერთ უდიდეს პოტენციალს წარმოადგენს. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი მეუღლის საქმიანობა, ჩემი ინტერესი და ცოდნა სამკურნალო წყლების შესახებ და „დიოს“ ოფისი, სადაც გოგირდის წყლები ამოდიოდა, გაგვეერთიანებინა და ახალი ბიზნესი წამოგვეწყო.

სულ რაღაც ერთი თვეა, გავხსენით ცინცაძის  ქუჩის  N 79-ში ფიტობალნეოთერაპიის ცენტრი. თბილისში რამდენიმე სახის სამკურნალო თერმული წყალია. საბურთალოზე კი მეოთხე ჭაბურღილის წყალია, რომელიც შევისწავლეთ, გავიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან – კურორტოლოგებთან, რომლებმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს ამ წყალს –  თავისი თვისებებით ის სხვა წყლებისაგან განსხვავდება. არაჩვეულებრივი თვისებების მატარებელია გულ-სისხლძარღვთა, ძვალსახსროვანი და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. ის ბუნებრივად 60 გრადუსამდე ცხელი წყალია. იდეა ვაქციეთ რეალობად –  ჩვენს ცენტრში მოსული პაციენტი მიიღებს კვალიფიციურ კონსულტაციას სხვადასხვა დარგის ექიმებისგან, ასევე გვაქვს ლაბორატორია  და უახლესი მოდელის ულტრასონოგრაფიის აპარატი.

ტარდება ბალნეოპროცედურები: ფიზიოთერაპია, ჰიდროკოლონოთერაპია,  ქალებისთვის ძალიან მიმზიდველი შარკოს პროცედურები გვექნება, ასევე წყალქვეშა ტრაქცია თერმულ გოგირდოვან წყალში (სპეციალიზებულ  აბაზანაში) და თერმული გოგირდოვანი წყლის აბაზანები მასაჟთან ერთად.

სამომავლოდ შესაძლოა, წამლების გამოშვებაზეც ვიფიქროთ. გეგმა ბევრი გვაქვს, ვნახოთ…

დაბოლოს, თქვენ უკვე 25 წელია, საქართველოში ბიზნესის კეთების გამოცდილება დაგიგროვდათ, თან სხვადასხვა სფეროში. რა დაბრკოლებებს ხედავთ, რაც ზოგადად ბიზნესისთვის ხელის შემშლელად მიგაჩნიათ?

სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრობლემა იჩენდა თავს. დღეს ყველაზე მეტად არაკომპეტენტური და გაურკვეველი ბიუროკრატიული მიდგომებია. სახელმწიფო უწყებებში უჭირთ დროული და კომპეტენტური პასუხების გაცემა, რასაც, მაგალითად, კლინიკის რეგისტრაციის დროს წავაწყდით. ამ კუთხით ძალიან გამიჭირდა ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობა და დროული პასუხების მიღება.

კარგი იქნება, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს. ბიუროკრატია საჭიროა, მაგრამ მსგავსი შეფერხებები ბიზნესს ხელს უშლის.  ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროული და სწორი გადაწყვეტილებები.

ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის ინვესტიციების შემოდინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინვესტიციის მოზიდვის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, ამასთან, უმნიშვნელოვანესია სამართლიანი სასამართლოს არსებობა, რათა ინვესტორს ჰქონდეს განცდა, რომ მის უფლებებს სახელმწიფო იცავს.  ინვესტიციის მოსაზიდად აგრეთვე მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრები, გამართული საგადასახადო სისტემა, შრომის კანონმდებლობა. აგრეთვე, დროული პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ინვესტორის მოზიდვას თუ ექსპორტის მიმართულებით განვითარებას, რაც ბიზნესის წინსვლისათვის აუცილებელია. ვიმედოვნებთ, რომ დადებითი ძვრები ამ კუთხით ეტაპობრივად იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *