2020 წელს საქართველოს სამშენებლო სექტორი 4.7%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს სამშენებლო სექტორმა 4.7%-ით ნაკლები დამატებული ღირებულება შექმნა, ვიდრე 2019 წელს. 2020 წელს მთლიანად საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, ანუ 1.5% პუნქტით მეტად, ვიდრე სამშენებლო სექტორი. ნომინალურ გამოსახულებაში 2020 წელს 3.8 მილიარდი ლარის მშენებლობები შესრულდა და ამ მაჩვენებლით ქვეყნის ეკონომიკაში მშენებლობამ 8.9%-იანი წილი დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მშენებლობები შემცირდა, სექტორს ბოლო წლებში უარესი გამოცდილებაც ახსოვს, როცა 2018 წელს კლება 7.2% იყო. 3 წლის წინ კლება სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებამ, განსაკუთრებით სამშენებლო ნებართვების გაცემის გამკაცრებამ განაპირობა. 2014-2017 წლებში მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო, წელიწადში საშუალოდ 15.5%-ით იზრდებოდა – ოთხჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა.
2020 წელი მშენებლობამ ზრდით დაიწყო და პირველ კვარტალში 7.5%-ით გაიზარდა. თუმცა მარტიდან დაწყებული პანდემიის გამო, რომელსაც მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები მოჰყვა, მეორე კვარტალში მშენებლობა 27%-ით შემცირდა. ივნისიდან მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა დაიწყო, შემსუბუქდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიც, რასაც შედეგად მესამე კვარტალში მშენებლობის 2%-იანი ზრდა მოჰყვა. წლის ბოლოს ისევ გამკაცრდა შეზღუდვები და, სუბსიდირების მიუხედავად, მეოთხე კვარტალში მშენებლობა 1.2%-ით შემცირდა.
2021 წელს სამშენებლო სექტორის ბიუჯეტიდან სუბსიდირება აღარ გაგრძელდა, პანდემიური შეზღუდვები ისევ მკაცრი იყო და, შედეგად, პირველ კვარტალში მშენებლობა 19.4%-ით შემცირდა.
სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვნად იზიდავდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. 2014- 2020 წლებში დარგში მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. სამშენებლო სექტორის წილი მთლიან ინვესტიციებში საშუალოდ 10.2% იყო. რადგან სამშენებლო რეგულაციები 2018 წლიდან გამკაცრდა, მისი შედეგები ძირითადად 2019 წელზე აისახა, ინვესტიციები 80%-ით შემცირდა და ქვეყანაში სულ 35 მლნ დოლარი შემოვიდა. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ინვესტიციები 76%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა წლის პირველ ნახევარზე მოდის. ინვესტიციები 2021 წლის პირველ კვარტალში 81%-ით შემცირდა და სულ 1.7 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, მშენებლობის წილი მთლიან ინვესტიციებში 1.4%-მდე შემცირდა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახური (საქსტატი) აქვეყნებს მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსს. ბოლო მონაცემებით, 2021 წლის აპრილში, 2020 წლის აპრილთან შედარებით, სამშენებლო მასალები 19%-ით არის გაძვირებული.
სამშენებლო ნებართვები და დასრულებული მშენებლობები
როდესაც სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, ეს პირველ რიგში სამშენებლო ნებართვებზე აისახება. 2019 წელს საქართველოში 10,749 სამშენებლო ნებართვა გაიცა 7.5 მლნ კვადრატული მეტრის ასაშენებლად. 2020 წელს ნებართვების რაოდენობა 1,185 ერთეულით (11%-ით) შემცირდა, ხოლო ნებართვამინიჭებული სამშენებლო ფართობი – 2.3 მლნ კვადრატული მეტრით (31%-ით). 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სამშენებლო ნებართვების რაოდენობა ისევ შემცირდა 18%-ით, თუმცა ფართობის მიხედვით 237 ათასი კვადრატული მეტრით მეტ ფართობზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, რაც მიანიშნებს, რომ სამშენებლო სექტორში ზრდა დაიწყება.
საქართველოში შენობები ძირითადად თბილისსა და აჭარაში შენდება. 2019 წელს, ფართობის მიხედვით, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების 77% თბილისსა და აჭარაზე მოდიოდა, 2020 წელს მათი წილი 71%-მდე შემცირდა. 2020 წელს ყველაზე დიდი კლება აჭარაში იყო, გაცემული მშენებლობის ნებართვების სამშენებლო ფართობი 54%-ით შემცირდა, რაც 1.7 მლნ კვადრატულ მეტრამდე ფართობის კლებაა.
2020 წელს 1.7 მლნ კვადრატული მეტრის ობიექტები აშენდა, რაც 34%- ით (854 ათასი კვადრატული მეტრით) ნაკლებია 2019 წელს დასრულებულ მშენებლობების ფართობზე. ყველაზე დიდი კლება თბილისში იყო, დასრულებული მშენებლობების ფართობი 49%-ით შემცირდა. თბილისის წილი მთლიან შემცირებაში 88% იყო. აჭარაში 39%-ით ნაკლები ფართობის მშენებლობები დასრულდა.
2021 წლის პირველ კვარტალში 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დასრულებული მშენებლობების ფართობი 19%-ით (78 ათასი კვადრატული მეტრით) შემცირდა.
დასაქმება და ხელფასები
სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. შესაბამისად, მისმა კლებამ ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია. 2019 წელს მშენებლობებზე 101,400 კაცი მუშაობდა, 2020 წელს კი 16%-ით ნაკლები – 85,200. სამუშაო ადგილები 16,000- ით შემცირდა, როცა წინა წლებში ზრდის ტენდენცია ჰქონდა. სამშენებლო სექტორში შექმნილი პრობლემების გამო, ამ სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა. 2019 წელთან შედარებით სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1.5%-ით შემცირდა და 1,816 ლარი შეადგინა. 2021 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორში საშუალო ხელფასმა 1,665 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის პირველი კვარტალის საშუალო ხელფასზე 2.3%-ით ნაკლებია. შემცირების მიუხედავად, სამშენებლო სექტორზე მაღალი საშუალო ხელფასი 2021 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ საფინანსო სექტორსა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო საქმიანობაში იყო.