Samsung-ის ხელმძღვანელი 2015 წლის კომპანიების შერწყმის საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს

Samsung-ის ხელმძღვანელი 2015 წლის კომპანიების შერწყმის საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს

სეულის სასამართლომ Samsung Electronics-ის თავმჯდომარე ჯეი ლი ბუღალტრული აღრიცხვით თაღლითობასა და აქციებით მანიპულირების საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ბრალდება 2015 წელს, Samsung-ის ორი შვილობილი კომპანიის შერწყმას უკავშირდებოდა, რაც კონგლომერატზე ლის კონტროლს გააძლიერებდა.

გასული წლის ნოემბერში პროკურორებმა ლისთვის 5-წლიანი პატიმრობა მოითხოვეს. თავად ლი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ აღმასრულებლებს მტკიცედ სწამდათ, რომ კომპანიების შერწყმა სარგებელს სხვა აქციონერებსაც მოუტანდა. პროკურორები 55 წლის ლის და Samsung-ის სხვა აღმასრულებლებს „კაპიტალის ბაზრის აქტის“ დარღვევაში ადანაშაულებდნენ. მათი მტკიცებით, Samsung C&T-ისა და Cheil Industries-ის შერწყმა უხეშად არღვევდა მცირე აქციონერების ინტერესებს.

კომპანიების შერწყმამდე ლის ოჯახი მხოლოდ Cheil Industries-ს აკონტროლებდა და არა Samsung C&T-ს, რომელიც უმსხვილესი აქციონერი იყო Samsung Electronics-ში. სექტემბრის მონაცემებით, ლის ოჯახი და მასთან დაკავშირებული სუბიექტები Samsung Electronics-ის 20.7%-იან წილს ფლობენ. მათ კონტროლს ექვემდებარება ქვეყნის უმსხვილესი კონგლომერატების ნაწილიც, რაც ლის ოჯახს სამხრეთ კორეის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ანიჭებს.

ლი პირველად 2017 წელს გაასამართლეს, სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, პარკ ჯინ-ჰეის მოსყიდვისთვის. 30-თვიანი სასჯელიდან Samsung-ის თავმჯდომარემ მხოლოდ 18 თვე მოიხადა და 2022 წელს მოქმედმა პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლიმ შეიწყალა. პრეზიდენტის განმარტებით, მას ლი „ეროვნული ეკონომიკური კრიზისის“ დაძლევაში დასახმარებლად სჭირდებოდა.