საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სააგენტომ Google-ი 5 მლნ ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სააგენტომ Google-ი 5 მლნ ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სააგენტომ Google-ი 5 მილიონი ევროთი დააჯარიმა. საფრანგეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის, რომ კომპანიამ ვერ მიაღწია კეთილსინდისიერ შეთანხმებას ადგილობრივ გამომცემლობებთან მათი მასალის გამოყენების თაობაზე.

ამერიკის ტექნოგიგანტმა მომავალი ორი თვის ვადაში უნდა წარადგინოს შეთავაზება, თუ რა ფორმით იქნება ანაზღაურებული ახალი ამბების სააგენტოებისა და სხვა სახის გამომცემლობებისთვის კომპანიის მიერ მათი მასალის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, Google-ს ყოველდღიურად დამატებით 900,000 ევროს გადახდა მოუწევს.

Google-ის წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ საფრანგეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, თუმცა პირობების შესრულებას აპირებენ. მათი განცხადებით, კომპანიის მიზანი უცვლელია, ისინი მხედველობაში მიიღებენ საფრანგეთის მოთხოვნებს და კომპანიის შემოთავაზებასაც სწორედ ამის მიხედვით განსაზღვრავენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება უგულებელყოფს მათ მცდელობას შეთანხმების მისაღწევად.

ახალი ამბების გამომცემლების – APIG-ის, SEMP-ის და AFP-ის – განცხადებით, კომპანია Google-ის მიერ ვერ მოხერხდა კეთილსინდისიერი შეთანხმების მიღწევა ახალი ამბების კონტენტის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ იანვარში, ტექნოგიგანტსა და APIG-ის შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, Google-ი დათანხმდა, რომ საფრანგეთის ახალი ამბების 121 სააგენტოსათვის, საავტორო უფლებებიდან გამომდინარე, 76 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა სამი წლის განმავლობაში. თუმცა ამ ყველაფერს მოჰყვა თვეობით მოლაპარაკებები Google-ს, ფრანგულ გამომცემლობებსა და ახალი ამბების სააგენტოებს შორის მათი შეთანხმების ევროკავშირის საავტორო უფლებების კანონთან შესაბამისობის თაობაზე, რომელიც გამომცემელს აძლევს უფლებას, მოითხოვოს გადასახადი ონლაინპლატფორმიდან მისი კონტენტის გამოყენების შემთხვევაში.