მსოფლიოს წამყვანი ბლოკჩეინ-პლატფორმის, Ethereum-ის დამაარსებელი, ვიტალიკ ბუტერინი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტების პოლიტიზება დიდ საფრთხეებს შეიცავს, როგორც ადამიანებისთვის, ასევე თვითონ პლატფორმისთვის, – ამის შესახებ მან ჟურნალ Time-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.
ვიტალიკ ბუტერინის აზრით, კრიპტოვალუტების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი ამ ტექნოლოგიის დიქტატორული სახელმწიფოების მიერ ათვისება იქნება – მას სულაც არ მოსწონს ის, რომ ელ-სალვადორმა ბიტკოინი სახელმწიფო ვალუტად გამოაცხადა, რადგან ამგვარად, ეს ტექნოლოგია სახელმწიფოებსა და მეგაკორპორაციებს საშუალებას აძლევს ადამიანებზე ტოტალური კონტროლი გაავრცელონ.
აქვე უნდა აღინიშნოს, ბუტერინს არც ის მოსწონს, რომ კრიპტოვალუტების სახელმწიფო დონეზე დაკანონებით ეკონომიკურად მემარჯვენე პარტიების, მათ შორის აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებიც ინტერესდებიან – ბუტერინის თქმით, ამგვარად, კრიპტოვალუტა მემარჯვენე ცნებად იქცევა, რაც ამ ტექნოლოგიის პოტენციალს საფრთხის წინაშე აყენებს.
ბუტერინი მიიჩნევს, რომ მარკ ცუკერბერგის მსგავსად, ეპოქალური გადაწყვეტილებებისა და მომხმარებელთა მონაცემებით ფინანსური სარგებლის მიღების უფლება მას არ უნდა ჰქონდეს. „მსურს მქონდეს ეკოსისტემა, რომელშიც უამრავი კარგი და ცუდი სიგიჟე ხდება“, – ამბობს ბუტერინი. „ცუდი სიგიჟე არის ის, როცა სისტემაში უზარმაზარი ფული ტრიალებს, რომელიც ჰაკერების ინდუსტრიას ასუბსიდირებს, ხოლო კარგი სიგიჟე არის ის, როცა საბოლოო ჯამში, ეს ეკოსისტემა სამეცნიერო ნაშრომებს, განვითარებასა და უამრავ საჯარო სიკეთეს წარმოშობს. ჩვენ კი, მიზნად უნდა დავისახოთ, რომ სიკეთე უფრო მეტი იყოს“.