საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში ჩამოქვეითდა

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში ჩამოქვეითდა

Heritage Foundation-ის “2018 Index of Economic Freedom” მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში საქართველომ ეკონომიკური თავისუფლებით მე-16 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის. საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით, 3 ადგილით გაუარესდა. 

საქართველოს სარეიტინგო ქულა 76.2-ია, რაც 0.2 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მეცხრე ადგილს იკავებს და “უმეტესად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფშია.  

ქვეყნის სარეიტინგო ქულა მსოფლიოს საშუალო ქულას აღემატება. 

ანგარიშის მიხედვით ქვეყნები ოთხი ძირითადი კრიტერიუმით ფასდება ესენია: კანონის უზენაესობა, მთავრობის სიდიდე, რეგულაციური ეფექტიანობისა და თავისუფალი ბაზრები.  

კანონის უზენაესობის კრიტერიუმი შემდეგ ცვლადებს აერთიანებს: საკუთრების უფლების დაცვა, მთავრობის ინტეგრაცია, სასამართლოს ეფექტიანობა. საკუთრების უფლების დაცვის კრიტერიუმში საქართველოს ქულა გაუმჯობესდა, თუმცა მთავრობის ინტეგრაციისა და სასამართლოს ეფექტიანობის კრიტერიუმში გაუარესდა. 

“მოსამართლეთა პროფესიონალიზმი და სისტემის გამჭვირვალობა კვლავ არ არის მკაფიო. პრობლემად რჩება საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი კორუფცია და რუსული გავლენა“, – ვკითხულობთ ანგარიშში. 

“მთავრობის ზომის“ ყველა ქვეკრიტერიუმში საქართველოს პოზიციები გაუარესდა. ქვეკრიტერიუმები მოიცავს სამთავრობო ხარჯებს, ფისკალურ სიჯანსაღესა და საგადასახადო ტვირთს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 1,6%-ს შეადგენს ვალი კი 44,9%. 

რაც შეეხება რეგულაციების ეფექტურობის კრიტერიუმს, ამ შემთხვევაში საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა სამუშაო ძალისა და მონეტარული თავისუფლების ქვეკრიტერიუმებში, ხოლო ბიზნესის თავისუფლების ქვეკრიტერიუმში გაუარესდა და 86 ქულა შეადგინა. Heritage Foundation აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოში გაუმჯობესდა მინორიტარი აქციონერების დაცვის წესები, თუმცა სამუშაო ბაზარს აკლია დინამიკა, უმუშევრობის მაჩვენებელი კი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. ამასთან კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაცია, სესხების უმეტესობა დოლარშია განთავსებული, ადგილობრივი ვალუტა კი 2017 წლის განმავლობაში გაუფასურებას განიცდიდა.  

თავისუფალი ბაზრების 2 ქვეკრიტერიუმში – ინვესტირებისა და ფინანსურის თავისუფლების კუთხით საქართველოს პოზიციები უცვლელი დარჩა. გაუმჯობესდა ვაჭრობის თავისუფლების სარეიტინგო ქულა და 89 ქულა შეადგინა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ნულოვანმა ტარიფებმა კი სხვადასხვა მიმართულებით ვაჭრობის განვითარებას შეუწყო ხელი. პრობლემატურ მხარედ სახელდება ნაკლებად განვითარებული საფონდო ბირჟა. 

მიმდინარე წელს რეიტინგში პირველი ადგილი ჰონგ კონგმა დაიკავა. მას მოსდევს სინგაპური და ახალი ზელანდია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *