საქართველოს ბანკი და კავკასიის უნივერსიტეტი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ

საქართველოს ბანკი და კავკასიის უნივერსიტეტი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ

საქართველოს ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყო. მემორანდუმს ხელი მხარეებს შორის 24 ოქტომბერს მოეწერა. აღნიშნულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს იერთებს. ამის შედეგად, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის 183 სტუდენტი სწავლას კავკასიის უნივერსიტეტში გააგრძელებს. ამასთან, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტები შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომლითაც ისინი BOG UNI-ში სწავლისას სარგებლობდნენ. 

მხარეებს შორის შერწყმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება მიზანს, ორი წამყვანი უნივერსიტეტის საერთო რესურსების, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გაერთიანებით კიდევ უფრო მეტ სტუდენტს  მისცეს შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. კავკასიის უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებთან. შესაბამისად, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრონ საზღვარგარეთ. ამავდროულად, კავკასიის უნივერსიტეტში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რაც ქართველი სტუდენტებისთვის უცხოური განათლებისა და  გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა. 

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს არამარტო საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შეერთებას კავკასიის უნივერსიტეტთან, არამედ საქართველოს ბანკისა და კავკასიის უნივერსიტეტის მომავალ თანამშრომლობას.

“კავკასიის უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემაა. უკვე წლებია, მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ უნივერსიტეტს ჰქონდეს მაღალი ნდობა და იყოს საუკეთესო – არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიონალიზმით არიან მაგალითი ადამიანებისა, ვისაც არამხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება აქვთ. ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა, დავამყაროთ სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და აღნიშნულის ფარგლებში, მივცეთ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებს ისეთივე მაღალი დონის განათლება, რასაც ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ”, – აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია.