საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო პლატფორმის განახლება ახალი სავაჭრო და საანგარიშო სისტემის დანერგვას გულისხმობს. ტექნიკური გადაიარაღება 2018 წლის დასაწყისში დასრულდება. საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ განახლებული სისტემა მათ საშუალებას მისცემს ბევრად უფრო ეფექტურად მოემსახურონ ფასიანი ქაღალდების ბაზარს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საპენსიო რეფორმა ამოქმედდება და ბაზარი გამოცოცხლდება.
ამასთან, პროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების სისტემის განახლებას და მასში საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანიის – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვას. საქართველოში გამოშვებული ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდით ანგარიშსწორება ერთიანი სისტემის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
სავაჭრო პლატფორმის განახლებაში ინვესტორებას აქციონერები ახდენენ ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით. თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორი გიორგი შაგიძე განმარტავს, რომ პლატფორმა საპენსიო რეფორმის მიერ შექმნილი რესურსის განსათავსებლად მზად იქნება.
“საპენსიო რეფორმა ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და მას მხარს ვუჭერთ. რეფორმა კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს ნამდვილად შეუწყობს. ახალი გუნდი მუშაობს თბილისის საფონდო ბირჟაზე, რომელიც ამ ყველაფერს ამზადებს.
ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც საშუალებას აძლევს ბანკებს, რომ დააგირავონ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, რაც ასევე ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. საქართველოს საფონდო ბირჟაზე 13 ფასიანი ქაღალდია დალისტული”, – ამბობს გიორგი შაგიძე.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო რეფორმის ძალაში შესვლა 2017 წელს იგეგმება.