საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

31 მარტიდან საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. British Airways-ი ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. ავიაკომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი უკვე შეასრულა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრები პირდაპირი რეისით დაუკავშირდებიან ლონდონის ჰითროუს აეროპორტს. ეს დიდ შესაძლებლობებს აჩენს მგზავრებისთვის და ასევე ასეთი დონის ავიაკომპანიის მომსახურება დიდი პატივი და გამოწვევაა ჩვენთვის. ტავ ჯორჯია მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს, არა მხოლოდ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, არამედ იმ საკადრო რესურსის შესაქმნელად, რომელიც სერვისების მიწოდებისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის თვალსაზრისით გადამწყვეტ როლს ასრულებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მომატებული ინტერესი ჩვენი აეროპორტის მიმართ და უპრეცედენტოდ გაზრდილი მგზავრთნაკადი,“- აცხადებს ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერის თქმით, 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4.7 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, 2025 წლიდან მას 13 ახალი მიმართულება დაემატა და 8 ახალი ავიაკომპანია დაუპარტნიორდა.

რაც შეეხება British Airways-ს, ის 1974 წელს ლონდონში დაფუძნდა, თუმცა ოპერირების 100-წლიანი ისტორია აქვს. ავიაკომპანიის მთავარი ჰაბი ჰოთროუს აეროპორტშია. British Airways-ი 274 ხომალდით მსოფლიოს 200-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.