საკრედიტო ბარათების გამოშვება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად შემცირდა.
საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის IV კვარტალში გამოშვებული ბარათების რაოდენობა წლიურად 18%-ით, ხოლო კვარტლურად კი 2%-ით შემცირდა და 7.4 მლნ შეადგინა.
გამოშვებული ბარათებიდან ყველაზე დიდი წილი Master Card-ზე მოდის – მთლიანი მოცულობის 56%, მას მოსდევს VISA 26%-ით და Local 9%-ით. მთლიანი მოცულობის 8% მოდის UPI-ზე, ხოლო დარჩენილი 1% კი AmEx-ზე.
საანგარიშო პერიოდში შემცირდა როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო ბარათების გამოშვების მაჩვენებელი. კერძოდ, საკრედიტო ბარათების გამოშვება 3%-ით შემცირდა წლიურად, ხოლო სადებეტოსი კი 19%-ით. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო ბარათების გამოშვება ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა.
სულ 2018 წლის განმავლობაში ქართული ბარათებით განხორციელდა 242 მილიონი ოპერაცია თანხობრივად 23.6 მილიარდი ლარი. აქედან რაოდენობის 72% და თანხის 29% არის განხორციელებული სავაჭრო მომსახურების ობიექტებში განლაგებული პოს- ტერმინალებით, ხოლო დანარჩენი (28% და 71% შესაბამისად) არის ნაღდი ფულის გატანის ოპერაციები ბანკომატებიდან და პროვაიდერის პოს- ტერმინალებიდან.
წინა (2017) წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 51%-ით რაოდენობრივად და 61%-ით თანხობრივად. რაც შეეხება ნაღდი ფულის გატანის ოპერაციებს, მისი რაოდენობა გაიზარდა 9%-ით და თანხა 11%-ით.
ტრადიციულად მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება ინტერნეტ გადახდების კუთხით. IV კვარტალში სულ ქართული ბარათებით შესრულდა 14 მლნ ინტერნეტ-გადახდა; თანხობრივად 857 მლნ ლარი.
2017 წლის IV კვარტალთან შედარებით ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა გაიზარდა 144%-ით და თანხა 161%-ით.