პრეზიდენტ ბაიდენის ქონება ბოლო წლებში მკვეთრადაა გაზრდილი.
თავისი კარიერის მანძილზე, ჯო ბაიდენს მოსწონდა ხოლმე იმის აღნიშვნა, რომ კონგრესში „ყველაზე ღარიბი“ ან ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მაღალჩინოსანი იყო. ვითარება შეიცვალა. კამპანიის დროს, სამხრეთ კაროლინაში, მან განაცხადა, რომ გაოგნებული იყო თავისი ვიცეპრეზიდენტობის შემდგომი შემოსავლებით, რის მიზეზადაც ასახელებდა საკუთარი წიგნის – „მომეცი პირობა, მამა” – წარმატებას. წიგნი მისი ვაჟის, ბოს შესახებაა, რომელიც 2015 წელს კიბოთი გარდაიცვალა. „ვერ ვხვდებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი ფული გავაკეთე“.
წიგნთან დაკავშირებული კონტრაქტისა და სხვადასხვა გამოსვლისა თუ ლექციის წყალობით, ბაიდენმა და მისმა ცოლმა, ჯილმა, 2017-ში დაახლოებით $11 მილიონი მოიხვეჭეს, 2018-სა და 2019-ში კი თითქმის $6 მილიონი. ამ თანხის გარკვეული ნაწილი, კერძოდ, $2.7 მილიონი, მან რეჰობოთ-ბიჩში (დელავერი) მდებარე 4,800 კვადრატული ფუტის ზღვისპირა აგარაკის შესაძენად გამოიყენა 2017 წელს. მისი ეს ყველაზე ღირებული აქტივი, დღეს, გათვლების თანახმად, უკვე $3.4 მილიონი ღირს, ანუ ფასი დაახლოებით 25%-ითაა გაზრდილი ოთხ წელიწადში, რისი მიზეზიც, ნაწილობრივ, პანდემიის დროს სახლების ღირებულებათა მკვეთრი ზრდაა.
Forbes-ის შეფასებით, ბაიდენის ქონება – გადასახადებისა და ხარჯვის გამოკლებით – $9 მილიონს უნდა შეადგენდეს, რომელიც მოიცავს სანაპირო სახლს, სახლს უილმინგტონში (დელავერი), $1 მილიონზე მეტის ტოლფას ფედერალურ პენსიას, პლუს ნაღდ ფულსა და ინვესტიციებს. და ეს ყველაფერი არ ითვალისწინებს მის ბოლოდროინდელ დაწინაურებას: ბაიდენი, როგორც პრეზიდენტი, ყოველ წელს $400,000-ს გამოიმუშავებს მაშინ, როცა ვიცე-პრეზიდენტის რანგში მისი წლიური ხელფასი $230,000-ს შეადგენდა.