აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო პარკების განვითარებისათვის $588 მილიონია გამოყოფილი. ეს განცხადება მან 30 სექტემბერს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო პარკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი განცხადებით, ამჟამად 51 სასოფლო-სამეურნეო პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა $1.2 მილიარდს უტოლდება. 240000 ჰექტარზე გაშენებული პარკები ქვეყნის 32 რეგიონს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში უკვე ფუნქციონირებს 41 სასოფლო-სამეურნეო პარკი. სახელმწიფო მათ საჭირო ინფრასტრუქტურითა და ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფს.
ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა მეწარმეობის განვითარების ფონდმა 23 სასოფლო-სამეურნეო პარკის შესაქმნელად $102 მილიონი შეღავათიანი სესხი გასცა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სასოფლო-სამეურნეო პარკებში დღეისათვის 5000 ადამიანია დასაქმებული, მათგან 4500-მდე – სეზონურად. ჯაბაროვმა აქვე აღნიშნა, რომ მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ დამატებით 4300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
სასოფლო-სამეურნეო პარკები ინოვაციური და საკმაოდ ხელმისაწვდომი მექანიზმია ახალი საწარმოო და გადამმუშავებელი ტერიტორიების ეფექტიანი გამოყენებისათვის, მოსავლიანობის გაზრდისა და თანამედროვე სარწყავი სისტემების დანერგვისათვის.
აღნიშნულ ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი, მიწის მელიორაციისა და წყლის მართვის საბჭოს თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის სექტორის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.