პრემიუმ კლასის ბრენდი “რადისონ ქოლექშენი” სასტუმროებისთვის მხოლოდ გამორჩეული ისტორიისა და მნიშვნელობისა მქონე ადგილებს არჩევს. ახალი სასტუმრო საქართველოში, ღვინის რეგიონში – კახეთში, კერძოდ, წინანდალში გაიხსნა.
“რადისონ ქოლექშენი” სტუმრებს განსაკუთრებულ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. იმის გათვალისწინებით, რომ კახეთი საქართველოში ღვინის ისტორიული მხარეა, კომპლექსი სტუმრებს საშუალებას აძლევს, მოინახულონ წინანდლის მამულის უნიკალური ვენახი და ისტორიული მარანი. სტუმრების განკარგულებაშია მეხუთე სართულზე განთავსებული სპა-ცენტრი და ღია საცურაო აუზი კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით.
მიშელ სტალპორტი, რადისონის სასტუმროების ჯგუფის აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი: “ვამაყობთ, რომ “რადისონ ქოლექშენის” პირველ სტუმრებს ამ შესანიშნავ რეგიონში ვუმასპინძლებთ. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა და აღიარებულია, როგორც ღვინის აკვანი. აქ ტურისტებს დიდი სითბოთი და სტუმართმოყვარეობით ხვდებიან. “რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული” წარმოადგენს ბრწყინვალე არქიტექტურის ნიმუშს. აქ ისტორიული ავთენტურობა კარგად ერწყმის თანამედროვე დიზაინის დეტალებს და სწორედ ეს უქმნის სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოს. აქ გატარებული დრო მათ კარგად დაამახსოვრდებათ.”
სასტუმრო “რადისონ ქოლექშენი, წინანდლის მამული” 141 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს აერთიანებს. ნომრების დახვეწილი სტილი შესანიშნავად შეესაბამება სასტუმროს გამორჩეულ ადგილმდებარეობას. თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო ქართული ტრადიციების, კულტურისა და არქიტექტურული სტილის ინსპირაციით შეიქმნა,. პრემიუმ კლასის ნომრები სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის.
პროექტი კახეთში განახორციელა “სილქროუდ ჯგუფმა”. ფინანსური მხარდამჭერია “საპარტნიორო ფონდი” და “თიბისი” ბანკი.
წინანდლის მამულს ღვინის წარმოების მდიდარი ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში სწორედ აქ ჩამოასხეს ღვინო ბოთლში. ეს ადგილი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ღვინის მოყვარულთათვის, რომლებსაც სურთ ქართული ღვინის ისტორიულ მემკვიდრეობას და ტრადიციებს უკეთ გაეცნონ. ამისათვის, სტუმრებს საშუალება ექნებათ მოინახულონ წინანდლის მამულის ვენახი, ეწვიონ ალექსანდრე ჭავჭავაძის უნიკალურ ენოთეკას და დააგემოვნონ ქართული ტრადიციული ღვინო სადეგუსტაციო ბარში. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მდებარეობს თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სიახლოვეს და გარშემორტყმულია 18 ჰექტარზე გაშენებული ისტორიული ბაღით.
სასტუმრო “რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული” სტუმრებს განსაკუთრებულ არჩევანს სთავაზობს გასტრონომიული კუთხითაც. სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა მიმართულების სამზარეულო იქნება ეს ფრანგული, საერთაშირისო თუ ქართული ტრადიციული.
ბოლო სართული სარელაქსაციო სივრცეს ეთმობა. აქ სტუმრებს დახვდებათ ფიტნეს ოთახი, საუნა, ჯაკუზი, სპა და ღია აუზი კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით.
“რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული” საუკეთესო ადგილია შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩასატარებლად. ასეთი სივრცეების საერთო ფართობი 2350 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
აღსანიშნავია 1200 ადამიანზე გათვლილი ღია ამფითეატრიც, რომლის დიზაინიც ხავიერ ფაბრეს ეკუთვნის. ამ სივრცეში შესაძლებელია კონცერტების, ქორწილების, გალა ვახშმების, სპექტაკლებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა.
პროექტზე ცნობილი არქიტექტორები ჯონ ფოტიადისი, ქრისტინა გაბასი და დამიენ ფიგუერასი მუშაობდნენ. სასტუმროს დიზაინზე იმუშავა მსოფლიოში სახელგანთქმულმა ინდუსტრიულმა დიზაინერმა ინგო მაურერმა, ქართველ მოქანდაკესთან, თამარ კვესიტაძესთან ერთად.
სასტუმროს “რადისონ ქოლექშენი, წინანდლის მამული” მართავს “Radisson Hospitality AB” საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.