ცოტა ხნის წინ გავრცელებული ახალი კვლევის თანახმად, ამჟამად საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქები ნიუ იორკი და სინგაპური არიან. Economist Intelligence Unit-ის ანგარიშის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომისა თუ მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო, მსოფლიოს მთავარი 172 ქალაქის საცხოვრებელი ხარჯები გასულ წელთან შედარებით 8.1%-ით გაიზარდა.
საინტერესოა, რომ გასულ წელს რეიტინგის პირველ ადგილს ისრაელის დედაქალაქი, თელ-ავივი იკავებდა. წელს ამ უკანასკნელმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ხუთეულში ასევე გვხვდებიან ამერიკიდან ლოს-ანჯელესი და აზიიდან ჰონგ-კონგი.
სხვა კონტინენტის დიდ ქალაქებთან შედარებით, საცხოვრებელი ხარჯები წლიდან წლამდე ყველაზე მცირედით აზიურ ქალაქებში გაიზარდა და მან 4.5% შეადგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს საშუალო მაჩვენებელია და ინდივიდუალური მონაცემები სახელმწიფო მოწყობის, მთავრობების პოლიტიკისა და სავალუტო კურსის შესაბამისად განსხვავდება.
დამატებით, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტოკიოსა და ოსაკაში საცხოვრებელი ხარჯები წელს გასულ პერიოდთან შედარებით შემცირდა და ამ ორმა ქალაქმა რეიტინგში 24-ე და 33-ე ადგილები დაიკავა.
ყველაზე იაფიანი ქალაქების სტატუსი ახლო აღმოსავლეთის ქალაქებმა, დამასკომ და ტრიპოლიმ მიიღეს.
ცნობისათვის, ანგარიში ეფუძნება კვლევას, რომელიც გასული წლის აგვისტოსა და სექტემბერში 172 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. მონაცემების დასათვლელად კი 200-ზე მეტი პროდუქტის 400-მდე ინდივიდუალური ღირებულება შედარდა. რეიტინგში ადგილები კი ქალაქებისთვის მინიჭებული ქულების მიხედვით განაწილდა.
გაეცანით საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქების ათეულს:
1. სინგაპური, სინგაპური
1. ნიუ იორკი, აშშ
3. თელ-ავივი, ისრაელი
4. ჰონგ-კონგი, ჩინეთი
4. ლოს-ანჯელესი, აშშ
6. ციურიხი, შვეიცარია
7. ჟენევა, შვეიცარია
8. სან-ფრანცისკო, აშშ
9. პარიზი, საფრანგეთი
10. კოპენჰაგენი, დანია
10. სიდნეი, ავსტრალია